ვინ იყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული გმირის დიმიტრი ამილახვრის პაპა?

ავტორები

  • რუსუდან ლაბაძე

საკვანძო სიტყვები:

დიმიტრი ამილახვარი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონი, ელ-ალამეინი, თავად ამილახვართა საგვარეულო, ივანე ამილახვარი

რეზიუმე

მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის დროს ელ ალამეინის ბრძოლაში დაღუპული საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადის მეთაურის - დიმიტრი („ბაზორკა“) გიორგის ძე ამილახვრის (1906-1942) ბიოგრაფიაში არაერთი დაუზუსტებელი ფაქტია. 2020 წლის სექტემბერში, საფრანგეთში გამომცემლობა Lemme Edit-მა, რომელიც ცნობილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ ისტორიულ ლიტერატურას გამოსცემს, დაბეჭდა წიგნი „დიმიტრი ამილახვარი - მებრძოლი პრინცი“. ეს პირველი წიგნი იყო, რომლითაც საფრანგეთმა ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნას პატივი მიაგო. წიგნის ავტორს მოჰყავს ცნობები ზე[ვ]დგინიძე-ამილახვართა საგვარეულოს შესახებ, რომლებშიც დიმიტრი ამილახვრის წინაპრად რუსეთის არმიის კავალერიის გენერალს, კავკასიისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებში სახელგანთქმულ ივანე ამილახვარს ასახელებს. დიმიტრი ამილახვრის პაპად არის ივანე ამილახვარი მოხსენიებული აგრეთვე საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიაშიც.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დიმიტრი ამილახვრის წინაპრების საკითხი საგანგებოდ გამოკვლეული არ არის. მკვლევრები ამ საკითხს ან საერთოდ არ ეხებიან, ანდა მას ივანე ამილახვრის შვილიშვილად მოიხსენიებენ. ამას ემატება მრავალფეროვანი ინტერნეტრესურსები, გენეალოგიური პორტალები და სხვ. რომლებიც უცხოენოვანი ვიკიპედიის (ძირითადად, რუსული და ინგლისური) გავლენით დიმიტრი ამილახვარს მეფის რუსეთის არმიის გენერლის შთამომავლად წარმოაჩენს. სულ ბოლოს კი, აღსანიშნავია, 2021 წლის თებერვალში, ისევ საფრანგეთში დაბეჭდილი ნიკოლა როსის წიგნი „ჰიტლერსა და სტალინს შორის: თეთრი და საბჭოთა რუსები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს“, რომელშიც ფრანგი ისტორიკოსი დიმიტრი ამილახვარს რუსული თეთრი ემიგრაციის წარმომადგენლად განიხილავს (!).

სინამდვილეში ვინ იყო დიმიტრი ამილახვრის მამა - გიორგი ივანეს ძე ამილახვარი თუ გიორგი ოთარის ძე ამილახვარი? შემთხვევითია თუ არა ივანე (ნიკო) გივის ძე ამილახვრის (1829-1905) ოთარშენელ ამილახვრებთან დაკავშირება და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ფაქტის დადგენა? სტატიაში დოკუმენტური წყაროების, თავად ამილახვართა გენეალოგიური ნუსხებისა და გენეალოგიური პორტალების გამოყენებით დადგენილია, რომ დიმიტრი ამილახვრის პაპა რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალი ივანე (ნიკო) გივის ძე ამილახვარი კი არ იყო, არამედ ოთარ გიორგის ძე ამილახვარი, თავად ამილახვართა სხვა შტოს წარმომადგენელი.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-10

მიმდინარე

განყოფილება

საქართველოს ისტორია