კომენტარები ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერებისა და გაკვეთის აქტზე

ავტორები

  • ვახტანგ გურული წმ ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-6352-7307

რეზიუმე

1907 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით დღის 12 საათზე, თბილისიდან საგურამოში ეტლით მიმავალ ილია ჭავჭავაძესა და მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, სოფელ წიწამურთან გზაზე ( წიწამური-საგურამოს მონაკვეთზე), ტყეში, წინ გადაუდგა ოთხი შეიარაღებული მამაკაცი: ივანე (ვანო) ინაშვილი, გიგოლა (გიგლა) ბერბიჭაშვილი, გიგოლა (გიგო) მოძღვრიშვილი, და პავლე ფშავლიშვილი (აფციაური). ორი ტერორისტი, გიორგი (ლომა) ხიზანაშვილი და ლადო ფეიქრიშვილი (ჩირიკაშვილი) გზიდან
მარჯვნივ, ტყეში, მაღლობზე იდგნენ და ილია ჭავჭავაძის ეტლის მოძრაობას უთვალთვალებდნენ. კიდევ ერთი ტერორისტი, ილია ჭავჭავაძის მეეტლე თევდორე (თედო) ლაბაური ეტლის კოფოზე იჯდა. მისი მოვალეობა ეტლის გაჩერება იყო. ილია ჭავჭავაძესთან ერთად მოკლეს მისი მცველი იაკობ ბითარიშვილი (ბითარაშვილი). თავში ბლაგვი საგნის (შაშხანის კონდახის) რამდენჯერმე ჩარტყმით მძიმედ დაჭრეს ოლღა გურამიშვილი.
ილია ჭავჭავაძის ცხედარი მკვლელობის ადგილიდან საგურამოში გადაასვენეს. 1907 წლის 31 აგვისტოს ილიას გვამი საგურამოში მისავე სახლში დაათვალიერა, გაკვეთა და შესაბამისი აქტი შეადგინა დუშეთის მაზრის ექიმმა აბელ იაშვილმა. გაკვეთას ესწრებოდნენ: დუშეთის მაზრის გამომძიებელი ვ. ე. დილევსკი, მოწმეები, გლეხები სოფელ გურამიანთკარიდან სვიმონ ჩიხაშვილი და ვასილ ნარიმანიძე, ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერებისა და გაკვეთის აქტის რუსულ დედანსა და მის ქართულ თარგმანს აქვე ვთავაზობთ მკითხველს.
ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერებისა და გაკვეთის აქტი გამოძიებისათვის უაღრესად საყურადღებო დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მომხდარა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელ ნ. ფ. ილიაშენკოს ყურადღება უნდა მიექცია იმისათვის, რომ ექიმ აბელ იაშვილის გვამის დათვალიერების შედეგები და ექიმის მიერ გაკეთებული დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. გამომძიებელი უნდა მიმხვდარიყო, რომ იმ ოთხი ტერორისტიდან, რომლებიც ტყიდან
გზაზე გამოვიდნენ და ეტლი გააჩერეს, ილია არცერთს არ მოუკლავს. ისინი კოფოდან გადამხტარ იაკობ ბითარიშვილს დაედევნენ და მოკლეს კიდეც. ეტლი გაჩერდა თუ არა, ილია ფეხზე წამოდგა. ამ მომენტში ეტლის უკან, გზის მარცხენა ნაპირზე, ტყეში, ჩასაფრებაში მყოფმა ქილერმა ერთადერთი ტყვია გაისროლა, რომელიც ილიას სხეულში შევიდა მარცხენა ნეკნების მხრიდან, გაიარა გული და გამოვიდა მკერდში, მარცხენა და მარჯვენა ძუძუს დვრილებს შორის. ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ კომენტარებს ხსენებულ აქტზე.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25