სიტუაციური მოდელების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებაში
საკვანძო სიტყვები:
Cognitive anthropology, situational model, word, culture, not Russian lawრეზიუმე
დასაბამი იყო სიტყვა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (იოანეს სახარება: 1.1).
სიტყვა, როგორც მოდელი, აზროვნებიდან მომდინარე სამშენებლო მასალა და ადამიანთა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ექსპრესიულ (მძაფრად გამომხატველ) კონსტრუქციებს წარმოგვიდგენს. სიტყვა საჭიროა ემოციების, აზრების, გარემოებების, მოგონებების, იდეების და სხვათა გამოსახატავად. სიტყვა, ასევე, ინსტრუმენტია, რომლითაც ვაშენებთ სამყაროს საკუთარ თავში და ჩვენს ირგვლივ. იგი ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს ან, პირიქით, აშორებს. მას შეუძლია ბედნიერების ან უბედურების მოტანა.
იგი შემქმნელია როგორც სიყვარულის, ასევე სიძულვილისთვის. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: „სიტყვას დიდი ძალა აქვს“. სიტყვას შეუძლია როგორც თვითგანკურნება, ასევე თვითმოკვდინებაც. ის კი არა, როგორც ამბობენ, მას სამყაროს შეცვლაც კი შეუძლია.
შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა თავისთავად, ცალკე აღებული, თუ მას არ გააჩნია სიღრმისეული დატვირთვა, და თუ ის არ წარმოგვიდგება, როგორც „მოდელი“, არის მხოლოდ ასოთა კომბინაცია. „მოდელი“ კი რომელსაც სიტყვით გამოვხატავთ, თავისთავში ატარებს გარკვეულ ენერგიას, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო ერთ ადამიანზე, არამედ ადამიანთა ჯგუფზე,
მიკრო და მაკრო საზოგადოებაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელს სამყაროზეც. მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც სიკეთე, ისე ბოროტება და ამ მიმართულებით ცვლილებები.
სიტყვა-მოდელი არის სამყაროს და საკუთარი თავის აღქმის შესაძლებლობა. მისით გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სამყაროს, რაც სხვებისთვის თვალსაჩინო და გასაგები უნდა იყოს. სიტყვა-მოდელი გვეხმარება ღირებულებების შემეცნებაში, რადგანაც იგი განსაკუთრებული ენერგიითაა დამუხტული.