კავკასიური ფილოსოფიის ისტორიული დაფუძნების საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
კავკასიური ფილოსოფია, ინტერკულტურული ფილოსოფიარეზიუმე
კავკასია, როგორც გეოგრაფიული და კულტურული სივრცე, ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდა იმ რეგიონს, სადაც განსხვავებული რელიგიური, ფილოსოფიური თუ ინტელექტუალური ტრადიციები თანაარსებობდა და დიალოგის რეჟიმში ვითარდებოდა. სამეცნიერო და ენციკლოპედიურ ნაშრომებში ცნება „კავკასიურის“ მრავალმხრივი კონტექსტებია დამუშავებული - კავკასია, კავკასიელი ხალხი, კავკასიური ენები, კავკასიური რელიგიები და კავკასიური კულტურა და ა.შ. გაანალიზებულია
კავკასიის და კავკასიური კულტურის გეოგრაფიული, პოლიტიკური, ისტორიული, ანთროპოლოგიური, ეთნოკულტურული, ლინგვისტური თუ სხვ. ასპექტები, მაგრამ არ გვხვდება „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება. შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორიაში „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება დღემდე არ დამუშავებულა, არც მისი კონტურები ჩამოყალიბებულა და არც საკვლევი თემატიკა გამოკვეთილა. შესაბამისად, კავკასიური ფილოსოფია, როგორც ახალი ისტორიულ-ფილოსოფიური
პარადიგმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებაში სიახლეს წარმოადგენს. მისი თეო რიული დაფუძნების საკითხიც კვლევის ახალ პერსპექტივად და ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ხელახალი გააზრებისკენ მიმართული ინტელექტუალური ძალისხმევის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს კავკასიური ფილოსოფიის ისტორიული დაფუძნების შესაძლებლობის თანმიმდევრულ ანალიზს, მისი კონცეპტუალური ჩარჩოს და ისტორიული წინაპირობების განსაზღვრა-ჩამოყალიბებას. ეს საკითხი კითხვების მთელ რიგს წარმოშობს: ასე მაგალითად, შესაძლებელია თუ არა კავკასიური ფილოსოფიის, როგორც ისტორიულად და კულტურულად განსაზღვრული ფილოსოფიური ტოპოსის განსაზღვრა? რა ფორმებით და მეშვეობით ხდებოდა ფილოსოფიური იდეების ჩამოყალიბება და განვითარება კავკასიაში? რა თავისებურებებით ხასიათდება ნაციონალური ფილოსოფიის მოდელები კავკასიაში, რა არის მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები? რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ორი ფილოსოფიური კონცეპტი - „ფილოსოფია კავკასიაში“ და „კავკასიური ფილოსოფია“?

