ტოპონიმი – ისტორიული არტეფაქტი
საკვანძო სიტყვები:
მალხა, მეხლესი, მალკა, მეკლესი, მახლიენი, კაკული, კაკულია, კაკულარეზიუმე
წმ. მიწაზე დაფუძნებული იყო დასახლებები (მალხა, მარ-მუსა, კაკული, კატამონი, ჯალჯალა...), სადაც შუა საუკუნეებში მკვიდრობდნენ ქართველები. ამ სოფლებიდან მალხას და კაკულის დამაარსებელთა სადაურობის საკითხის გარკვევა შესაძლებელია ამ ტოპონიმების წარმომავლობის დადგენის გზით. სამეცნიერო ლიტერატურაში სოფელი კაკულის შესახებ ნათქვამია, რომ თავდაპირველად აქ ცხოვრობდნენ იუდეველნი, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში იგი დასახლებული იყო არაბებით, თანაც მისი არაბული სახელწოდება „დაირ კა’კულ”-ი მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილას ოდესღაც არსებობდა მონასტერი (დაირ
- არაბულად მონასტერი). სოფელ კაკულში ქართველების არსებობას ვგებულობთ გვიანი შუა საუკუნეების არაბული დოკუმენტური წყაროების მეშვეობით. სოფელ მალხას დამაარსებელთა ეთნიკური ვინაობის თაობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ერთნი (ალ. ცაგარელი, პ. კონჭოშვილი) მას მიიჩნევენ ქართულ სოფლად, ხოლო სხვანი (ბ. ხურცილავა...) იუწყებიან, რომ მალხელთა თქმით, ისინი იყვნენ არაბები, გადმოსახლებულები ან ნეჯდიდან, ან ერაყიდან და ეგვიპტიდან, ანდა ლევან-ტიდან. ხსენებული ორი ტოპონიმის – მალხასა და კაკულის ეტიმოლოგიის გარკვევა მოგვცემს შესაძლებლობას წარმოვაჩინოთ, თუ რომელი სამეტყველო ენის საფუძველზე აიხსნება მათი მნიშვნელობები და ვინ იყვნენ ამ სოფლების დამაარსებელნი და თავდაპირველი მკვიდრნი.
სიტყვა კაკული გარეგნული ფორმის მიხედვით შეგვიძლია დავუკავშიროთ ხათურ-ხურიტულ სახელს კიკული, ქართულ გვარ კაკულიას და ეტრუსკულ სიტყვა კაკულას. მართლაც, მათ ერთმანეთთან აკავშირებს საერთო ფუძე. გარდა ამისა, ხათურ-ხურიტული და ეტრუსკული სიტყვების შინაარსის ანალიზი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ კიკული თავდაპირველად წარმოადგენდა საკუთარ სახელს პიროვნებისა, ვინც იყო ხეთის მეფის მთავარი მეჯინიბე და დაკავებული იყო საბრძოლო ცხენების
გახედნისა და შენახვის საქმით. შემდგომ ეს კერძო სახელი, ჩანს, განაზოგადეს და ეტრუსკულ ენაში, საფიქრებელია, აღნიშნავდა ერთ-ერთი სახეობის – ცხენოსანი ნაწილის ჯარისკაცს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ეტრუსკულ ენაში ზოგადად ჯარისკაცს სხვა სიტყვითაც აღნიშნავდნენ. ხათებსა და ეტრუსკებს შორის ენობრივ-კულტურული კავშირები აიხსნება იმ ფაქტით, რომ ეტრუსკები თავდაპირველად მკვიდრობდნენ მცირე აზიაში და აპენინის ნახევარკუნძულზე გამოჩნდნენ ძვ.წ.აღ.-ის XI-X საუკუნეებში. ხათები, ხურიტები, ურარტუელები, ქართველტომელნი და ეტრუსკები მცირე აზიაში თანაარსებობდნენ ერთიან კულტურულ არეალში. რაც შეეხება ქართულ ენაში „კიკული”-ს ფუძიანი გვარის არსებობას, ეს აიხსნება ქართველტომელთა და მცირე აზიის არაინდოგერმანელ ეთნოსთა საერთო გენეტიკური ძირებით, რაც დასტურდება ლინგვისტურ (სიტყვათწაროება),
სარწმუნოებრივ და კულტურულ დონეზე.
ტოპონიმი მალხა გარეგნული ფორმით უკავშირდება ტოპონიმ მეხლეს-ს, რომელიც მდებარეობდა ანტიკური ხანის ეგრისის სამეფოში. ამას გარდა, ირკვევა, რომ ტოპონიმები მალხა (მალკა) – მეხლესი (მეკლესი), თავის მხრივ, მომდინარეობს ეთნონიმიდან მახლიენ-მახელონ-მელხი, რაც გახლავთ ერთ-ერთი ქართველტომელის სახელწოდება. ანტიკური წყაროების თანახმად, მახლიენ-მახელონები მკვიდრობდნენ ეგრისის სამეფოს სამხრეთ ნაწილში, ქ. ტრაპეზუნტის სიახლოვესა და მდ. ჭოროხის აუზში, აგრეთვე, მის შიდა ტერიტორიაზე და ეგრისის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით - მეოტიდის
ტბამდე. გარდა ამისა, მელხები ცხოვრობდნენ ვაინახების მიწა-წყალზე და ქართულ ანკლავს დღესაც უხმობენ სახელად მელხებს (მელქები). მათი სამოსახლოები აღინუსხება პირიქითა ხევსურეთის სიახლოვეს. ერთი სიტყვით, წმ. მიწის მალხა ეტიმოლოგიურად უკავშირდება კოლხეთის ტოპონიმს მეხლესი და ქართველტომელთა ეთნონიმს მახლიენ-მახელონ-მელხი.
ამრიგად, ძველაღმოსავლური, ანტიკური და ქართული წყაროების თანახმად, სოფლები კაკული და მალხა ადრეშუასაუკუნეებში წმ. მიწაზე დააარსეს ქართველებმა, რაც ცხადდება ქართული გეოგრაფიული ნომენკლატურით (ტოპონიმები, ეთნონიმები) და, აგრეთვე, სიტყვათა ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე.