მიგრაციული პროცესები სამეგრელოს სამთავროში XIX საუკუნის პირველ ნახევარში
საკვანძო სიტყვები:
სამეგრელო, აფხაზეთი, სამურზაყანო, შავი ჭირის ეპიდემია, გლეხთა გადასახლება, გვარსახელებირეზიუმე
საქართველოს ეთნო-დემოგრაფიული პროცესების დინამიკის კვლევა თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში მეტად აქტუალურია. ეს თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ისტორიული მხარეების, სამეგრელოსა და აფხაზეთის, ისტორიული წარსულის წარმოსაჩენად, რადგან მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში ეთნიკური პროცესების მიმდინარეობის შესახებ.
კვლევა ემყარება ახალგამოვლენილ საარქივო მასალებს, რომლებიც ავსებენ ნარატიული წყაროების ცნობებს XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიისა და შიმშილობის შესახებ, რამაც მოსახლეობის ერთი ნაწილის მიგრაცია გამოიწვია. შავი ჭირის ეპიდემიისა და შიმშილობის შედეგად მიგრაციული პროცესების დინამიკა აქამდე საგანგებოდ არ ყოფილა გაანალიზებული. გარდა ამისა, ეს საკითხი ქართულ და აფხაზურ ისტორიოგრაფიაში არ ყოფილა განხილული.
სტატია ეხება 1811 წელს ახალციხის საფაშოდან თითქმის მთელ საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებისას და შემდეგ გლეხების გაქცევას სამეგრელოს სამთავროს ერთი კუთხიდან მეორეში, ოდიშიდან სამურზაყანოში. კერძოდ, ნაშრომში, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი საარქივო მასალების საფუძველზე წარმოდგენილია 1811-1812 წწ. შავი ჭირის ეპიდემიის, მოუსავლიანობისა და შიმშილობისას და შემდეგ, ოდიშიდან სამურზაყანოში გადასახლებულთა სია, რომელიც ერთვის სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის (1846-1853 წწ.) მოთხოვნას, გაქცეულთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესახებ. სიაში შეტანილია 70 გვარსახელი, თუმცა ოდიშიდან სამურზაყანოში გაქცეულთა რაოდენობის ზუსტად გარკვევა ძნელია, რადგან მასში კომლებიც არის შეტანილი, მათი რიცხობრივი შემადგენლობის დაზუსტება კი პირდაპირი მონაცემების არარსებობის გამო შეუძლებელია. მსგავსი დოკუმენტური წყაროების გამოვლენას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ეთნო-დემოგრაფიული პროცესების შესასწავლად, ის ასევე გვაწვდის ინფორმაციას იმ პერიოდის სახელმწიფო აპარატის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გლეხთა მასობრივი მიგრაციის შესაჩერებლად. ასევე, სია მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობებისა და ონომასტიკის კვლევის თვალსაზრისით.