მიხეილ მაქარაშვილის წერილები და მოგონებები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

მაქარაშვილები, ემიგრაცია, წერილები, მოგონებები, ხელნაწერი

რეზიუმე

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის ოჯახში ჩასიძებულ გენერალ-ლეიტენანტ ილია მაქარაშვილს და მის მეუღლეს ნინო დურმიშხანის ასულ ჟურულს ნიკოლოზის ( ნიკუშა) გარდა კიდევ ორი ვაჟი ჰყავდათ. გიორგი ადრეულ ასაკში გარდაცვლილა. მათი უმცროსი ვაჟი - მიხეილი 1903 წელს დაიბადა. ფრანგულად დაწერილ მოგონებაში, მიხეილი წერს: „დავიბადე 1903 წლის 7 ოქტომბერს ძველი სტილით (ახალი
სტილით 20 ოქტომბერს) ჯილალოღლიში - პატარა ქალაქში საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე. აქ იმყოფებოდნენ იმ დროს ჩემი მშობლები - მამა ქალაქის გარნიზონში მსახურობდა. მე მომნათლეს არბოში და იქვე ვცხოვრობდი ჩემს ბებიასა და ბაბუასთან ერთად.“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული მიხეილი, სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად 1922 წელს, ევროპაში წავიდა. მიხეილ მაქარაშვილი იგონებს: „მე დავტოვე ჩემი სამშობლო 1922 წელს, როგორც
კი შემისრულდა 19 წელი, რათა ჩემი საინჟინრო განათლება უცხოეთში განმემტკიცებინა. რაკი გადაწყვეტილი მქონდა დაბრუნება, თან არ წამომიღია არც ერთი საარქივო დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ჩვენს ოჯახს. სიმართლე რომ ვთქვა, მე მაშინ ამაზე არც მიფიქრია. თუ ღმერთის წყალობით, ოდესმე მოგეცემათ საქართველოში წასვლის შესაძლებლობა და თუ წახვალთ, ვეჭვობ, მათი დაბრუნება შეძლოთ, მით უმეტეს, რომ ჩემი ერთადერთი და - ირა აღარ არის ახალგაზრდა და თანაც ქაღალდები შეიძლება, უბრალოდ, დაიკარგა.“ როგორც 1922 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში აღნიშნავს, მიხეილ მაქარაშვილი ევროპაში ბათუმიდან გაემგზავრა. ბათუმში მისთვის სტუდენტობის დამდასტურებელი ცნობა ჩამოურთმევიათ, რაზეც ის ძალიან წუხდა. მიხეილი ბათუმიდან სტამბოლში (კონსტანტინოპოლში) ჩავიდა. აქედან კი ჰააგაში გაემგზავრა, სადაც იქ მყოფ ქართველებთან ვინმე ცქიტიშვილთან და დეკანოზოვებთან დაბინავდა. 1922 წლის 11 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, გერმანიაში მყოფი მიხეილ მაქარაშვილი ოჯახს ატყობინებდა, რომ საშობაოდ ბერლინში ბიძასთან - გიორგი ჟურულთან აპირებდა სტუმრობას. გარკვეული პერიოდი ის გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გაჩერებულა. როგორც ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს, მიხეილს ორ ქართველთან - მ. ყაუხჩიშვილთან და ჯაშს ერთად სუფრაზე მიუწვევიათ ვინმე არჩილი და ელიავა, მაგრამ ისინი წვეულებაზე არ მისულან.
მიხეილ მაქარაშვილს ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ იურისტთან მიხეილ მუსხელიშვილთან (მიშელ მუსხელი), რომელიც შემდგომში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. სწორედ მას ეკუთვნოდა ევროგაერთიანების შექმნის იდეა. ოჯახის სახელზე გამოგზავნილ, 1926 წლის 3 სექტემბრით დათარიღებულ წერილიდან ირკვევა, რომ მიხეილ მაქარაშვილმა მიხეილ მუსხელიშვილთან ერთად იმოგზაურა მონტე-კარლოსა და ნიცაში. მიხეილ მაქარაშვილის და მიხეილ მუსხელიშვილის ახლო ურთიერთობას ადასტურებს 1927 წლის 10 ივლისით დათარიღებული კიდევ ერთი წერილი. როგორც მიხეილ მაქარაშვილი აღნიშნავს, წერილის დაწერისას სტრასბურგის უნივერსიტეტის მომავალი ქართველი პროფესორი მასთან იმყოფებოდა და საქართველოში მყოფ მაქარაშვილების ოჯახს მოკითხვას უთვლიდა. მიხეილ მაქარაშვილი და მიხეილ მუსხელიშვილი ხშირად ხვდებოდნენ, თუმცა მუსხელიშვილის სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდი მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ. მიხეილ მაქარაშვილის მიერ საფრანგეთიდან გამოგზავნილ, 1938 წლით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ მიშა მუსხელიშვილი ეგვიპტიდან ახალი ჩამოსული იყო და იგი ისევ ქაიროში აპირებდა დაბრუნებას.
მიხეილ მაქარაშვილი თავისი მეგობრის წარმატებებს საქართველოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს და ახლობლებს ხშირად ატყობინებდა. 1946 წლით დათარიღებულ ერთ წერილში იგი აღნიშნავდა, რომ მიხეილ მუსხელიშვილი უკვე პროფესორი იყო. მიხეილ მაქარაშვილს ემიგრაციაში წასვლამდე ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის გამოჩენილ ქართველ მხატვართან ელენე ახვლედიანთან, რომელსაც მიხეილის პორტრეტიც
დაუხატავს.
მიხეილ მაქარაშვილი ჯერ გერმანიაში სწავლობდა ( ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში), ხოლო შემდეგ სწავლა გრენობლის ( საფრანგეთი) უნივერსიტეტში გააგრძელა (1927-1928 წ.წ.). სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ფონტებლოსა და გრენობლში, ბოლოს კი პარიზში დამკვიდრდა. 1948 წელს, მიხეილმა ძალზე განიცადა დედის გარდაცვალება. წლისთავზე, მისი თხოვნით, ეკლესიაში (იგი ტაძარს არ იხსენიებს, თუმცა შესაძლოა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის სალოცავზე იყოს საუბარი) ნინო ჟურულის
სულის მოსახსენიებელი წირვა ჩაუტარებიათ.
მიხეილ მაქარაშვილი ემიგრაციაში დაოჯახდა. მან გრენობლის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პოლონელ ქალბატონზე ელიზაბეტ გლასზე ჯვარი დაიწერა, რომელთანაც ორი შვილი გიორგი და ინესი შეეძინა. მიხეილის და ელიზაბეტ გლასის ორივე შვილი მონტენებლოში დაიბადა. ემიგრაციაში მყოფი მიხეილ მაქარაშვილი ხშირად ხვდებოდა ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ჩასულ მოღვაწეებს. 1966 წელს იგი მეუღლესთან ერთად ქართული საბალეტო ჯგუფის „ გორდას“
წარმოდგენას დაესწრო, სადაც გაიცნო ქართული საბელეტო ხელოვნების უნიჭიერესი წარმომადგენელი ვერა წიგნაძე.
მიხეილ მაქარაშვილი 1967 წლის დეკემბერში, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ემიგრაციაში მყოფ მიხეილ მაქარაშვილს სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მას მიწერ-მოწერა ჰქონდა თავის ოჯახთან. საქართველოს ხელოვნების სასახლეში, მაქარაშვილების ფონდში დაცულია საფრანგეთიდან გამოგზავნილი მიხეილ მაქარაშვილის ათობით წერილი. მათი უმეტესობა რუსულ ენაზეა დაწერილი. წერილებში გენერალ ილია მაქარაშვილის ვაჟი სამშობლოში მყოფ ოჯახის წევრებს ემიგრანტულ ცხოვრებაზე მოუთხრობს. მიხეილ მაქარაშვილის ბარათებში ძალზე საინტერესო ცნობებია უცხოეთში მცხროვრებ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებზე. საფრანგეთში დამკვიდრებულმა მიხეილმა ფრანგულ ენაზე დაწერა მოგონებები თავის ოჯახზე, საქართველოში გატარებულ წლებზე. მოგონებებში ცოცხლდება მიხეილის პაპა, ცნობილი საზოგადო მოღვაწე - დურმიშხან ჟურული, მისი მეუღლე ქეთევან ნამორაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება ბათუმის თეატრის დაარსება, მიხეილის მამის - გენერალ-ლეიტენანტი ილია მაქარაშვილის სახლობა. მოგონებებში ძალზე საინტერესო ცნობებია მაქარაშვილების გვარის წარმომავლობაზე, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომზე, 1918 წლის სადგურ შამქორთან გამართულ შეტაკებაში დაღუპულ ნიკოლოზ მაქარაშვილზე, რომელიც მიხეილის უფროსი ძმა გახლდათ. მოგონებების ხელნაწერი, ფრანგულ ენაზე, ინახება პერუში, კერძოდ, ქალაქ ლიმაში, მიხეილ მაქარაშვილის ვაჟის გიორგი (გოგი) მაქარაშვილის ოჯახში. მიხეილ მაქარაშვილის ხელნაწერის ასლი ბატონმა გიორგიმ გამოგვიგზავნა, რისთვისაც გულწრფელ მადლობას მოვახსენებთ. როგორც მივუთითებდით, მოგონებების ქართული თარგმანის ნაწილი, გამოქვეყნებული აქვს ცნობილ ქართველ პოეტს, ჟურნალისტს და მეცნიერს პ. ნაცვლიშვილს, რომელიც პირველი შეხვდა პერუში მცხოვრებ გიორგი (გოგი მაქარაშვილს). მიხეილ მაქარაშვილის მიერ დაწერილი ტექსტის სრული ვარიანტი ჩვენი თხოვნით ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, გოჩა ჯავახიშვილმა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-01-24