ქსნის ხეობის სოფელ იკოთის ისტორიიდან
საკვანძო სიტყვები:
ქსნის ხეობა, აღწერა, ერისთავი, მოურავი, კომლი, მოსახლეობა, ოკუპაციარეზიუმე
ნაშრომში საუბარია ქსნის ხეობის ისტორიული სოფლის - იკოთის შესახებ, რომელიც ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს სოფელში ნამოსახლარების კვალს ბრინჯაოს ხანამდე მივყავართ. იკოთში აღმოჩენილი ვერცხლის სხივებიანი საყურე და ბრინჯაოს საკიდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. XVII- XIX საუკუნეების ქართული და უცხოური აღწერების მიხედვით საუბარია იკოთში არსებულ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ვითარებაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, გლეხთა კატეგორიებსა და გადასახადებზე.
ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილი მემამულე ერისთავის მიწაზე ცხოვრობდა, ნაწილი - ფიცხელაურების, რომლებიც ამ სოფლის მკვიდრნი იყვნენ და თავის დროზე ახალგორის მოურავობამდეც მიაღწიეს. საუბარია, თუ რა როლს ასრულებდნენ ფიცხელაურები საერისთავოსა და ქვეყნის ცხოვრებაში, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქსნის ერისთავებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიცხელაურების ყმები სახაზინო გადასახადს არ იხდიდნენ, ისინი მემამულეების წინაშე იყვნენ უშუალოდ პასუხისმგებელნი, რაც ერთგვარად მათ შეუვალობასა და გავლენაზე მიგვანიშნებს.
სოფლის დემოგრაფიულ ვითარებაზე საუბრისას, ერთმანეთთან შედარებულია სხვადასხვა პერიოდის აღწერები. ნაჩვენებია, თუ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში სოფლის დემოგრაფიული სურათი, რა გზა გაიარა თითოეულმა გვარმა იკოთში დამკვიდრებამდე და შემდგომ პერიოდში, რამდენ უბნად იყო დაყოფილი სოფლის მოსახლეობა, რა
ვითარება იყო აქ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რა ვითარებაა დღეს, ახალგორის მხარის ოკუპაციის შემდეგ.