1921 წლის 18-20 მარტის მოვლენები ბათუმში
საკვანძო სიტყვები:
ქართველი გვარდიელები, ბათუმის ოლქის გუბერნატორი, ბოლშევიკები, სამხედრო ფორტები, გააფრთრებული ბრძოლები, ავანტიურის ჩაშლარეზიუმე
1921 წლის მარტში ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ეს მხარე შეუნარჩუნა საქართველოს. რომ არა ის დიდი ბრძოლები, რომელიც ამ ქალაქში მოხდა და რომ არა ქართველი გვარდიელებისა და ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობის თავგანწირული ბრძოლა სახელოვანი მედართმთავრის გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით დღეს სულ სხვა მდგომარეობაში აღვმოჩნდებოდით. დიახ, 100 წელი გავიდა ქალაქის გათავისუფლებისათვის გამართული ბრძოლებიდან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს ნოე ჟორდანიას და რევკომის თავმჯდომარეს სერგო ქავთარაძეს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 1921 წლის 17 მარტიდან გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა (1873-1937 წ.წ.) საქართველოს არმიის გაფანტულ ჯარისკაცებს და ოფიცრებს კვლავ მოუყარა თავი და მათგან, ადგილობრვ მოხალისეებთან ერთად, შექმნა სამხედრო ქვედანაყოფი, რომელმაც რამდენიმე საათის ბრძოლის შემდეგ, ბათუმი გაათავისუფლა უცხოელი დამპყრობლებისგან.
საერთაშორსო იზოლაციაში მოქცეულმა საქართველოს მთავრობამ უნიათობა გამოიჩინა, თითქმის უბრძოლველად დატოვა თბილისი, უკან დაიხია ბათუმისაკენ და ბოლო თავდაცვითი ხაზი მდ. რიონზე მოაწყო. უმწეო მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ დაუშვა სხვა საბედისწერო შეცდომაც, როდესაც ენდო ანგონრის (თურქეთი) მთავრობის წინადადებას ბოლშევიკების შემოსევისაგან თურქეთის ჯარების დახმარებით ბათუმის ერთობლივად დაცვის თაობაზე. მალე ბათუმის მიდამოებში თავი მოიყარა 3500-ზე მეტმა ასკერმა პოლკოვნიკ ქიაზიმ ბეის მეთაურობით.
ამ დროს ბათუმში 3 ათასამდე საქართველოს ჯარისკაცი იყო, თუმცა საერთო დაბნეულობა მათაც გადაედო. ასეთ ვითარებაში გააქტიურდნენ თურქები. 16 მარტს ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა მათი პატრული. მათ თანდათან დაიკავეს ქალაქის ფოსტა-ტელეგრაფი, მილიციის შენობა, ყაზარმები, რადიოსადგური. დაიწყეს აგრეთვე, ბათუმის სიმაგრეების (ფორტების) დაკავება. იმავე საღამოს ქიაზიმ ბეიმ თავი გამოაცხადა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად და გამოაქვეყნა ბრძანება #1, რომლითაც
ეს მხარე თურქეთს უნდა მიერთებოდა. საქართველოს მთავრობისათვის აშკარა გახდა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლანობას საფრთხე შეექმნა. ამიტომ ნოე ჟორდანიამ არჩია ბოლშევიკებთან შეთანხმება მათი ჯარების ბათუმში გადმოყვანის დასაჩქარებლად, რათა არ დაეშვა აჭარის დაკარგვა. ამ მიზნით მან ბათუმიდან თავისი მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე მოავლინა ქუთაისში საქართველოს ბოლშევიკურ რევკომთან მოსალაპარაკებლად, ხოლო საჯავახოში ცარიელი ეშელონები გაგზავნა. ბათუმის საპყრობილედან ბოლშევიკებიც გაათავისუფლა სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რათა მათ გამოეცხადებიათ საბჭოთა ხელისუფლება და აღეკვეთათ ქიაზიმ ბეის ავანტიურა.