მჭედლობა მთიან და აღმოსავლეთ სამეგრელოში (მითოლოგია, ტრადიციები, ტოპონიმიკა, გადმოცემები)
საკვანძო სიტყვები:
მჭედლობა, ლითონი, სპილენძი, ბრინჯაო, რკინა, მითოლოგია, ტოპონიმიკა, აღმოსავლეთ სამეგრელო, მთიანი სამეგრელო, მჭედელირეზიუმე
ნაშრომში განხილულია მთიან და აღმოსავლეთ სამეგრელოში მჭედლობა-მელითონეობასთან დაკავშირებული საკითხები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ რეგიონში მჭედლობა მეურნეობის საკმაოდ განვითარებული დარგი იყო. კოლხეთში სპილენძისა და ბრინჯაოს მოპოვება-დამუშავებისა და წარმოების მდიდარმა ტრადიციამ ასახვა შემდგომ პერიოდებშიც ჰპოვა და რკინის წარმოების განვითარების საფუძველი გახდა. დასავლეთ საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრინჯაოსა და რკინის დამუშავების მაღალ ტექნოლოგიებზე ცნობები შემონახულია ისტორიულ წერილობით წყაროებში. აგრეთვე ასახული უნდა იყოს მითში არგონავტების შესახებ.
აღნიშნულ რეგიონში მჭედლობის განვითარებულობაზე მიუთითებს გეოგრაფიული სახელები, რომლებიც „ჭკად“ (ჭედვა) ძირისგანაა ნაწარმოები. ასევე გვხვდება მჭედლობასთან დაკავშირებული ტოპონიმები, რომელთა ძირი არ არის „ჭკად“, თუმცა ისინი დაკავშირებული არიან მჭედლობასთან (მაგ: ონოშქერე - სანახშირე, ადგილი სადაც სამჭედლოებისთვის ნახშირი მზადდებოდა; საანგურე - აქ კეთდებოდა თიხის ჭურჭელი და აგური. სავარაუდოდ აქვე უნდა დაემზადებინათ სადნობი ქურის მილები და თიხის სხვა ნაწილებიც). მჭედლობასთან დაკავშირებული ტოპონიმები აღმოსვლეთ სამეგრელოში უფრო მეტია ვიდრე მის დასავლეთ ნაწილში. ეს ფაქტი მიგვითითებს რომ აღმოსავლეთ და მთიან სამეგრელოში მჭედლობა უფრო განვითარებული იყო ვიდრე დანარჩენ სამეგრელოში.
მეოცე საუკუნის შუა წლებში შეგროვებული საველე ეთნოგრაფიული მონაცემებით სამჭედლო საკრალურ ადგილად ითვლება. შეიძლება ითქვას, რომ მჭედელი სოფლად საკმაოდ მნიშვნელოვანი და დაფასებული პიროვნება იყო. მისი სოციალური სტატუსი მელითონეობის საწყის ეტაპზე გაცილებით მაღალი იქნებოდა. სამჭედლოებში ტარდებოდა დაფიცების და „გადაცემის“ (დაწყევლის ერთგვარი ფორმა) რიტუალები. მჭედლები განსაზღვრულ დღეებში „წმინდა სოლომოს/სოლომონის“ სახელზე ლოცულობდნენ. უახლესი საველე მასალის მიხედვით ამგვარი პრაქტიკა არ დასტურდება, მაგრამ ხსოვნა სამჭედლოების საკრალურობისა ადგილობრივებში შემორჩენილია. ამჟამად, სამეგრელოში მჭედლობას დაკარგული აქვს თავისი ადრინდელი ფუნქცია, თუმცა თითო-ოროლა სამჭედლო დღესაც ფუნქციონირებს და მჭედლები ძირითადად სოფლის მეურნეობაში გამოსადეგ იარაღებისა და ინვენტარის დამზადებით არიან დაკავებულები.