აშშ-ს გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

აშშ, მონროს დოქტრინა, იზოლაციონალიზმი, მესიანიზმი, ნეიტრალიტეტი, კომერციული ექსპანსია

რეზიუმე

წინამდებარე სტატია ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერიოდს, როდესაც ამერიკულმა კოლონიებმა ბრძოლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა მეტროპოლიისგან. უამრავი საგარეო, თუ საშინაო გამოწვევების წინაშე მდგარი ახალგაზრდა რესპუბლიკა თან აყალიბებდა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს და თან იძულებული იყო საგარეო კავშირები დაემყარებინა იმჟამინდელი მსოფლიოს ქვეყნებთან. როცა ვიყენებთ სიტყვა „იძულებულს“, ვგულისხმობთ, პირველ რიგში, ახალგაზრდა სახელმწიფოს სიფრთხილესა და წინდახედულობას საგარეო ურთიერთობების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე. შეერთებული შტატების დამფუძნებელ მამებს ახალგაზრდა რესპუბლიკის სწრაფი განვითარების და წარმატების წინაპირობად საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება მიაჩნდათ. ისინი უფრთხოდნენ საგარეო კავშირებს
და დარწმუნებულები იყვნენ, რომ საგარეო ვალდებულებებს შეიძლება დამღუპველად ემოქმედა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სახელმწიფოებრიობაზე. მე-18 საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული „მონროს დოქტრინის“ გამოქვეყნებამდე იყო საგარეო ასპარეზზე ძალების მოსინჯვის პერიოდი. სამი ათწლეული მიილია იზოლაციონიზმის საფარქვეშ ფრთხილ ექსპანსიონიზმში, როცა მიმდინარეობდა კონტინენტის კოლონიზაცია და საგარეო ვაჭრობის ძირითადი ვექტორების ჩამოყალიბება. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი საგარეო დოქტრინა, „მონროს დოქტრინის“ სახელით ცნობილი, სწორედ უკვე არსებულ ამერიკულ გამოცდილებას და ახლადშექმნილ სახელმწიფოს მზარდ საერთაშორისო ამბიციებს დაეფუძნა. ერთი შეხედვით, ორი ოკეანით შემოსაზღვრულ ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს არ ჰყავდა კონტინენტზე კონკურენტი და
მოწინააღმდეგე, მაგრამ კოლონიალიზმის ეპოქაში არსებობდა საგარეო საფრთხეები, რასაც შეეძლო შეერთებული შტატებისთვის დაუძლეველი წინააღმდეგობები შეექმნა. მე-18 საუკუნის დასასრულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში იყო ახალგაზრდა რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერების საგარეო მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები, პირველი საერთაშორისო შეთანხმებები, პირველი საელჩოები დაარსებული ევროპის სახელმწიფოთა დედაქალაქებში. შეერთებული შტატების სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, ყველაფერი პირველი იყო, ყველაფერს მყარ საფუძველზე დაფუძნება სჭირდებოდა და, რაც მთავარია, სჭირდებოდა თამამი გადაწყვეტილებები. ამდენად, შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების არსის გაგებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩავწვდეთ მის პირველსაწყისებს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-01-24