საქართველო და „აბრეშუმის დიდი გზა“ გვიანანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში
საკვანძო სიტყვები:
აბრეშუმის გზა, კავკასია, ჩინეთი, საქართველო, ბიზანტიის იმპერიარეზიუმე
სტატიაში გადმოცემულია დაკვირვებები გვიანანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში აბრეშუმის დიდი გზის ფუნქციონირებაზე, მის მარშრუტებსა და საქართველოს ჩართულობაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ამ მასშტაბური საერთაშორისო მაგისტრალის მეშვეობით. საუბარია აბრეშუმის გზის საქართველოს ტერიტორიებზე გავლის დამადასტურებელ ცნობებზე. საქართველო აბრეშუმის გზის ამოქმედებამდე გაცილებით ადრე იყო ჩაბმული საერთაშორისო ვაჭრობაში, უკვე არქაულ და კლასიკურ ხანაში ბერძნული იმპორტი დაფიქსირებულია კოლხეთსა და იბერიაში. ამან ხელი შეუწყო ისეთი გზების ჩამოყალიბებას, რომლებიც შემდგომში აბრეშუმის დიდი გზის შემადგენლობაში შევიდნენ. ამ პერიოდში
იბერიის ტერიტორიაზე, წამყვან მაგისტრალურ მნიშვნელობას იძენდა მტკვრის გასწვრივ არსებული გზა. წინამდებარე სტატიაში განხილულია პატროკლეს, სტრაბონის, მარკუს ტერენციუს ვარონის, მენანდრეს, ჩინელი ისტორიკოსის პეი ძუის და სხვათა მონაცემები, რომლებიც დიდი სავაჭრო-საქარავნო გზის საქართველოში შემოსვლას ადასტურებს. ირანსა და ბიზანტიას საუკუნეების განმავლობაში ომები ჰქონდათ ჩრდილეთ კავკასიიდან გადმომავალ გზებზე გაბატონებისათვის. აღსანიშნავია, რომ VI ს. II ნახევრიდან ძირითადი სატრანსპორტო სატრანზიტო დატვირთვა აბრეშუმის გზის კავკასიურ მონაკვეთებზეა, VI ს. ბოლოდან კი მისი ჩრდილოკავკასიური მიმართულება იქცა რეგულარულად მოქმედ სავაჭრო მაგისტრალად. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, ამ გზით თვით ჩინელი ვაჭრებიც მიმოდიოდნენ. მდ. ყუბანის შენაკადის ბოლშაია ლაბას ზემო წელში მდებარე სამარხში (Мощевая Балка) თანის ეპოქის ჩინური ნივთების მთელი კომპლექსი, ჩინური ამოქარგული აბრეშუმისა და ამ ვაჭრის პირადი სავაჭრო ჩანაწერის ფრაგმენტი აღმოჩნდა. ჩინური ქსოვილების გარდა წინა აზიის გავლით შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთში შემოდიოდა ჩინური ფაიფურიც. საუბარია „სელადონებზე“, რომელთა ფრაგმენტები აღმოჩნდა მსხვილი სავაჭრო ქალაქის ანისისა და ქალაქ დმანისის გათხრების დროს. ჩინური ფაიფურის ეს სახეობა მზადდებოდა XII-XIII საუკუნეებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე 1993 წელს მცხეთიჯვარში აღმოჩენილ ერთადერთ ჩინურ მონეტას, რომელიც 1200 წლით თარიღდება.