ასკეტური სწავლება „სამოთხისა და სულიერი რჯულის შესახებ“
საკვანძო სიტყვები:
მარკოზ მონაზონი, ეფრემი მცირე, თარგმანი, ძველი ქართულირეზიუმე
სტატიაში წარმოდგენილი გამოკვლევა მიზნად ისახავს ფილოლოგიურ-თეოლოგიური კუთხით შევისწავლოთ წმ. მარკოზ მონაზონის ავტორობით ცნობილი თხზულების ძველი ქართული (ეფრემ მცირისეული) თარგმანი („სამოთხისათჳს და შჯულისა სულიერისა“). ხაზგასასმელია, რომ თხზულებაში მოცემული სწავლებები აქამდე საგანგებო კვლევის საგანი არ გამხდარა.
უპირველესად გვქონდა ვალდებულება იმისა, რომ ტექსტობრივად დაგვემუშავებინა და გამოსაცემად მოგვემზადებინა ხსენებული სწავლებების ძველი ქართული თარგმანი. აღნიშნული თარგმანი შევუდარეთ რა ბერძნულ ორიგინალს, გამოვავლინეთ მთარგმნელის ტერმინოლოგიურ-სტილური თავისებურებანი.
ასევე, ჩვენს მიზანდასახულობას წარმოადგენდა ორიგინალი (ბერძნული) ტექსტის ახალ ქართულად თარგმნა, მარკოზ მონაზონის
სწავლებათა შინაარსობრივი განხილვა, და მათი თეოლოგიური ანალიზი. თვალსაჩინოებისთვის აბსტრაქტში სრულად წარმოვაჩენთ გამოკვლევას, რომელსაც ეტაპობრივად გამოვცემთ. წარმოდგენილ სტატიაში ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტი და ბერძნული ორიგინალის ახალი ქართული თარგმანი მოცემული არ არის. ბერძნული და ქართული ტექსტების ფილოლოგიურ-საღვთისმეტყველო ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი საკითხები:
ა) პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თარგმანი დედანთან მიმართებით ზედმიწევნითი სიზუსტითაა შესრულებული. ბერძნული ზმნის თითქმის ყველა მიმღეობური ფორმა ქართულად მიმღეობითვეა თარგმნილი, ხოლო ზმნის პირიანი ფორმა შესაბამისად ზმნის პირიანი ფორმით არის გადმოცემული. თვით ზმნის გვარის კატეგორიაც აბსოლუტურად ზუსტად არის თარგმნილი. წმ. ეფრემ მცირისთვის ამგვარი თარგმანი დამახასიათებელია (კეკელიძე 1980: 254).
ბ) ბერძნული ტერმინების ძველი ქართული თარგმანი გამოირჩევა განსაკუთრებული აზრითა და შინაარსით. ხშირ შემთხვევაში დაზუსტებულია ესა თუ ის რთული შინაარსის ბერძნული ტერმინი შესაბამისი ძველი ქართული შესატყვისით, რაც ხელს უწყობს ქართველ მკითხველს, რომ რთული თეოლოგიური შინაარსის სწავლებანი ადეკვატურად გაიაზროს.
გ) აქვე დავძენთ, რომ A-60 ხელნაწერის დაზიანების გამო ეფრემისეული თარგმანის ბოლო თავს რამდენიმე წინადადება აკლია (თ. 11) (შდრ. A-60, 14).
დ) რაც შეეხება თხზულების ავტორის ვინაობის საკითხს, პატროლოგმა ა. გალანდიმ 1772 წელს გამოსცა მარკოზის ნაშრომები: «Bibliotheca veterum patrum antiquotumque scriptorium ecclesiaticorum Graecorum», სადაც აღნიშნული თხზულების ავტორად წმ. მაკარი დიდი დაასახელა (Durand 1999: 37; ასევე იხ. Ашмарин 2013: 40-41).
ა. გალანდის ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 1864 წელს გამოცემულ ჟ. მინის პუბლიკაციაში (Patrologia Graeca) (PG.) ჩვენ მიერ განსახილველი თხზულება მაკარი დიდის შრომებში შევიდა, როგორც „37-ე ჰომილია“ (PG. 34, col. 750-757).
X საუკუნის უძველეს ქართულ ხელნაწერში აღნიშნული თხზულების ავტორად მარკოზ მონაზონია დასახელებული. ამის შემდგომ, XI საუკუნეში მოღვაწე წმ. ეფრემ მცირე ამავე თხზულების ავტორად მარკოზ მონაზონს ასახელებს. ამავეს ადასტურებს ძველი რუსული თარგმანებიც.