ახალი მასალები ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ლეჩხუმი, კულტურული მემკვიდრეობა, კანკელი

რეზიუმე

ლეჩხუმის სიძველეთა შესწავლის, მათი დღევანდელი იერსახის აღწერა-ფიქსაციის, სიძველეთსაცავებსა და არქივებში დაცული მასალების მოძიება-კვლევის მიზნით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი (FR-21-14253): „ლეჩხუმი: შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა“. სტატიაში წარმოდგენილია ამ პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ახალი მასალები რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლის - ნაკურალეშის წმ. გიორგის
ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ.
1910 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოწყობილი ექსპედიციის დროს, დიმიტრი ერმაკოვმა ფირზე აღბეჭდა ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის ინტერიერი და იქ დაცული სიძველეები. ამ მასალებში ყურადღებას იქცევს კანკელის ზედა ნაწილში, თერთმეტი ხატისგან წარმოდგენილი რიგი. მათგან ხუთი ხატი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება და ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში. დღემდე უცნობი იყო კანკელის რიგის დარჩენილი ექვსი ხატის ადგილსამყოფელი. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საველე სამუშაოების დროს, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენციაში დაცულ სიძველეთა აღნუსხვისას, გამოვლინდა ამ ექვსი ხატისგან სამი. ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესია ერთ-ერთია შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების იმ მცირერიცხოვან ძეგლთაგან, რომლებსაც შემორჩა საფასადო მოხატულობა. ამასთან, იგი ამ მხრივ ერთადერთი დადასტურებული ნიმუშია ისტორიულ ლეჩხუმში. ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის ფასადზე არსებული მხატვრობა დღეს ძლიერ დაზიანებულია და მკრთალი კონტურის ხაზის და ლაქების სახით ფრაგმენტულად შემორჩა. ამდენად, საარქივო მასალების კვლევის პროცესში გამოვლენილი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ეკლესიის დასავლეთი ფასადი და მისი ფერწერული შემკულობა, შუა საუკუნეების საქართველოში საფასადო მოხატულობების შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შემცველი ხატოვანი პირველწყაროა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია