თანამედროვე ქართული ხატწერის ძირითადი ტენდენციები
საკვანძო სიტყვები:
კანონიკური ხატი, საეკლესიო ხელოვნება, იკონოგრაფია, საქართველოს ეკლესია, ტრადიციარეზიუმე
ძველი ქართული ხელოვნების მკვლევართა ნაშრომების ანალიზი ადასტურებს, რომ ქართული ხატწერის ტრადიციაში საუკეთესოდ ის ნიმუშები მიიჩნევა, რომლებშიც კონკრეტული თეოლოგიური იდეა თანადროული ეპოქის ესთეტიკითა და სახვითი ხერხებითაა გამოხატული. ეს მიდგომაა ჩადებული ხატთაყვანისცემის დამამტკიცებელ VII მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებაშიც.
ქართული ხატწერის რუსული სკოლით ჩანაცვლების პროცესი XIX საუკუნეში დასრულდა. ტრადიციული ხატწერის განახლებას 1947 და 1980-88 წლებში შეეცადნენ პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ილია მეორე. ორივე პატრიარქის მიერ ინიცირებულ მოხატულობათა ანალიზი და საარქივო დოკუმენტები აჩვენებს, რომ ეს მოხატულობები სწორედ ზემოხსენებული პრინციპებითაა განხორციელებული. ამ მიდგომას ჩვენ ტრადიციულ ტენდენციას ვუწოდებთ.
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში გაჩნდა სხვა ტენდენციაც, რომლის თანახმად, კანონიკურად მხოლოდ ის ხატწერა მიიჩნევა, რომელშიც შუა საუკუნეების ბიზანტიურ-რუსული მხატვრული ფორმებია გამოყენებული. ამ ტენდენციას ჩვენ რეპროდუქციული ვუწოდეთ, რადგან ის ძველი ორიგინალების მეტ-ნაკლებად ზუსტი ასლების გამრავლებით ხასიათდება. ეს ტენდენცია ცნობილია მართლმადიდებელ სამყაროში და თანამედროვე გამოჩენილი ხატმწერებისა და მკვლევრებისგან კრიტიკულ
შეფასებას იმსახურებს. საქართველოში მისი გავრცელება უკავშირდება პოსტსაბჭოთა ეპოქაში მოსახლეობის მხრიდან ხატწერის ნიმუშებზე ერთბაშად გაზრდილ მოთხოვნას, რამაც ხელნაკეთი საეკლესიო ნივთებისა და ხატების რაოდენობის მექანიკური ზრდა გამოიწვია, ხოლო ამ პროცესის საღვთისმეტყველო საფუძვლების ანალიზი არასოდეს განხორციელებულა.
თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნების კვლევა აჩვენებს, რომ ხშირად ტრადიციული და რეპროდუქციული ტენდენციები ერთი ოსტატის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზეც იჩენს თავს. ეს დაკავშირებულია დამკვეთთა სურვილზე, ოსტატთა შემოქმედებითი თავისუფლების ხარისხზე და მათ განსწავლულობაზე; ხოლო ტრადიციული ქართული ხატწერის საუკეთესო ნიმუშები მაშინ იქმნება, როცა ყოველი ცალკეული დაკვეთა გააზრებული და მომზადებულია თეოლოგიური და მხატვრული გადაწყვეტის კუთხით როგორც უნიკალური და გამიზნულია მნახველზე შესაბამისი ზემოქმედების მოსახდენად. წინამდებარე სტატიაში რამდენიმე ასეთი მაგალითია წარმოდგენილი.