იოანე პეტრიწის დრო - ძველი და ახალი თვალსაზრისები

ავტორები

  • თამარ ფარჩუკიძე

საკვანძო სიტყვები:

პეტრიწი, ნეოპლატონიზმი, სიმბოლო, როდოპის წარწერა, თეოფილაქტე, „დიალექტიკოსი იოანე“

რეზიუმე

შუა საუკუნეების ქართველი ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი სიცოცხლეშივე იდევნებოდა პროგრესული იდეების გამო. ასწლეულობით დაფარული მისი სახელი ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა XVIII საუკუნეში, ხოლო ფილოსოფიურ-თეოლოგიური მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა დაიწყო XX საუკუნის პირველი წლებიდან.

პეტრიწოლოგიის დარგის კვლევები, ძირითადად, წარმოებს ფილოსოფიური და ფილოლოგიური მიმართულებით. ჩვენი მიზანია პრობლემის ისტორიოგრაფიული თვალთახედვით შესწავლა.
დამკვიდრებული თვალსაზრისით, იოანე პეტრიწი იყო დავით აღმაშენებლის თანამედროვე (XI – XII სს.). უკანასკნელ ხანს გამოითქვა მოსაზრება, რომ იგი მოღვაწეობდა ერთი საუკუნით გვიან (XII – XIII სს.). თანამედროვე კვლევამ კი გვიჩვენა, რომ არსებობს ცნობები და არტეფაქტები, რომლებმაც,შესაძლოა,განამტკიცოს ტრადიციული შეხედულება.
წინამდებარე ნაშრომი რიგით მესამეაამ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ციკლიდან, რომელიც ეძღვნება იოანე პეტრიწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ამჯერად, განსახილველად შემოგვაქვს მიმდინარე კვლევის ის ნაწილი, რომელიც ეხება პეტრიწის სამოღვაწეო დროის პრობლემას.ამისათვისმიმოვიხილავთ საკითხთან დაკავშირებულ ძველ, თანამედროვე და უახლეს ვერსიებს; მოვიხმობთ წინა ორი პუბლიკაციის ძირითად დასკვნებსა და ჰიპოთეზებს; წარმოვადგენთ მიმდინარე კვლევის შედეგად მოპოვებულ ახალ ფაქტებს.
ნაშრომში განხილვისა და შემდგომი მეცნიერული დამუშავებისათვის წარმოდგენილია კვლევის ძირითადი შედეგები: პეტრიწონისა (1083 წ.) და გელათის მონასტერთა (1106-1110 წწ.) საგანმანათლებლო სიმბოლოები; ქართული ისტორიული ცნობისა და როდოპის კლდოვანი არტეფაქტის შედარებითი ანალიზი; თეოფილაქტე ბულგარელის პირველი წერილი („ღვთაებრივი იოანესადმი“); თეოფილაქტე ბულგარელის ახლადმოკვლეული ეპისტოლე („იოანე ფილოსოფოსისადმი“) და„ვინმე იოანე“ დიალექტიკოსის პრობლემა.
ჩამოთვლილი საკითხების ქრონოლოგიადა მათში გადმოცემული ცნობები შესატყვისობაშია იოანე პეტრიწის საღვთისმეტყველო ფილოსოფიურ კონცეფციებთან და მოღვაწეობის ადრე მიღებულ დროსთან (XI – XII სს.).
მიგვაჩნია,რომ იოანე პეტრიწის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ახალი ცნობები და ჰიპოთეზები საჭიროებს შემდგომ მეცნიერულ დამუშავებას, კონკრეტული საკითხების განსხვავებულად გააზრებას და დიდი ფილოსოფოსისა და ღვთისმეტყველის სამოღვაწეო დროის პრობლემის კიდევ ერთხელ გადასინჯვას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-10

მიმდინარე

განყოფილება

საქართველოს ისტორია