ტოპონიმის „Ciha“ წარმომავლობის საკითხისათვის

ავტორები

  • ნინო ჯაველიძე გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-4447-6735

საკვანძო სიტყვები:

ჯიქა, ჯიხა, გელენჯიკი, „მალტური ჯვარი“, „ბოლნური ჯვარი“

რეზიუმე

თურქეთის რესპუბლიკის რიზეს მხარეში, დასახლება ფაზარის რაიონში, სადაც ცხოვრობენ ქართველტომელ ლაზთა შთამომავლები, მდებარეობს „Ciha“-ს („ჯიჰა“) დასახელების ციხე-სიმაგრე. შუა საუკუნეების ოსმალური წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთი ანატოლიის ტერიტორიაზე დასტურდება ასეთივე სახელწოდების ციხე-სიმაგრე („ჯიქა“), რომელიც სახელდება ნიჯახის, ახჩა-ყალას, ნიკერტის და ქუჩუკ-ყალას სიმაგრეთა შორის - „გურჯისტანის“ საზღვართან ახლოს. თურქი მკვლევრის, ი.მ. მიმიროღლუს აზრით, „Ciha“- ს ეტიმოლოგია ბოლომდე გაურკვეველია და ეს ტოპონიმი შეიძლება აიხსნას „არაბულის, ლაზურის ან სპარსულის“ საფუძველზე. ამ ტოპონიმის ეტიმოლოგია, ჩვენი აზრით, უკავშირდება ქართულ ენას და იგი ნიშნავს „ციხე“-ს. „ჯიხა“-ს ფუძიანი ტოპონიმები დღესაც აღინუსხება იმიერ საქართველოში (ჯიხანჯირი, ჯიხა, ჯიხაიში...). გარდა ამისა, მსგავსი დასახელების პუნქტები შუა საუკუნეებში არსებობდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროს გაყოლებაზე (გელენჯიკი, ალბა-ზეხა, მაურა-ზეხა), საქართველოს სამეფოს ისტორიულ საზღვრებში რომ იყო მოქცეული. ამრიგად, „ჯიხა“- ს ფუძიანი დასახელებები დასტურდება შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი აკვატორიის ტერიტორიაზე, სადაც ავტოხთონ მოსახლეობას წარმოადგენდნენ ქართველტომელები (კოლხ-ლაზები, კოლები, ტიბარენები, მესხები, აბაზგები, მაკრონ-მახორონები, კორახები, მოსინიკები, ჭანები, ხალდები...).
„Ciha“-ს სიტყვის ქართული წარმომავლობა წარმოჩნდება ამ ციხე-სიმაგრეში ნაპოვნი არქეოლოგიური ნიმუშებითაც, სახელდობრ, ერთ-ერთ ქვის ფილაზე ამოტვიფრული ტოლმკლავა ჯვრისა და ფრინველების (ფარშავანგი) ორნამენტებით. მსგავსი ორნამენტებიანი ბარელიეფები მრავლად მოიპოვება ანატოლიის ეკლესია-მონასტრებზე, რომლებიც თურქულ სამეცნიერო
ლიტერატურაში სახელდებიან ბიზანტიურ ტაძრებად და თარიღდებიან „ადრე ბიზანტიური ხანით“. ეს რელიეფები ერთნაირად იყო დამახასიათებელი აღმოსავლეთის საქრისტეანო ქვეყნებისა და დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებისთვის. ხაზგასასმელია, რომ ტოლმკლავა ჯვრისა და ფარშავანგის გამოსახულებები ასევე იყო გავრცელებული ქართულ ეკლესია-ტაძრებზე უკვე V-VI სს-დან. იმის გათვალისწინებით, რომ ტოპონიმი „Ciha“ მდებარეობს თურქეთის „ლაზისტანში“, და ციხე-სიმაგრის ეკლესია შემკული იყო ქართული სასულიერო ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით („ბოლნური ჯვარი“, ფარშავანგი...), ვფიქრობთ, ეს ფაქტი უნდა მეტყველებდეს ჩვენი მოსაზრების მართებულობას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25