ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტები ქართლის ჯანიშინის - ლევანის შესახებ

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ვატიკანის არქივები, პროპაგანდა ფიდე, მისიონერები საქართველოში, ქართლის ჯანიშინი, ლევან ბატონიშვილი, ვახტანგ მეექვსე, ალესიო მილანელი, კათოლიციზმი

რეზიუმე

ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში, ლათინურ, იტალიურ და ბერძნულ ენაზე დაწერილი დოკუმენტების გარდა, შემორჩენილია ქართულენოვანი წერილებიც. მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი, დანაწევრებული ქვეყნის მეფე-მთავრები,
სასულიერო პირები თუ წარჩინებული საგვარეულოების წარმომომადგენლები ერთადერთ ხსნას დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერებაში ხედავდნენ. დასავლური სამყაროს პოლიტიკურ ძალთა მაკოორდინირებლად კი მათ რომის პაპი ესახებოდათ. კათოლიციზმის გავრცელების სტრატეგიის შემუშავება ვატიკანის მითითებით, პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეგაციას ევალებოდა. ისლამური სახელმწიფოებისაგან შევიწროებულმა ქართველმა მონარქებმა და დიდგვაროვნებმა ვატიკანის
ინტერესის სათავისო მიზნებისთვის გამოყენება სცადეს და კათოლიკე მისიონერებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნეს. ვატიკანის არქივებში დაცული წყაროების გარკვეული ნაწილი უკვე ცნობილია ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის. პროპაგანდა ფიდეს თუ სხვა არქივებში არაერთ მკვლევარს უმუშავია. აქედან აღსანიშნავია მ. თამარაშვილის განსაკუთრებული ღვაწლი, რომელმაც კოლოსალური შრომა გასწია - უამრავი დოკუმენტი (როგორც ქართული, ისე არაქართული) წარხოცას თუ დავიწყებას გადაარჩინა და შთამომავლობას თავისი უნიკალური წიგნის - „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ სახით, მართლაც ფასდაუდებელი განძი დაუტოვა. მ. თამარაშვილის მიერ დაწყებული საქმე არაერთმა მეცნიერმა გააგრძელა, მათ შორის უნდა გამოვყოთ: დ. გამეზარდაშვილის, ი. ტაბაღუას, ჯ. ვათეიშვილის, მ. პაპაშვილის, ე. მამისთვალიშვილის და სხვათა მიერ ჩვენს სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი ისტორიული დოკუმენტები, კათოლიკე მისიონერების რელაციონეები, ჩანაწერები, თუ ნარატიული თხზულებები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი დოკუმენტი ჯერ კიდევ უცნობია და დღის სინათლეს ელოდება. დაზუსტებას, ან ხელახლა გამოქვეყნებას საჭიროებს ბევრი ისეთი წყაროც, რომელიც თავის დროზე მ. თამარაშვილმა ხელით გადაწერა, ან მათი შინაარსი გააცნო მკითხველს. ზოგიერთ წერილში შესაძლოა გაპარული იყოს მექანიკური უზუსტობა, ან გადაწერისას, დროის დაზოგვიდან გამომდინარე გამოტოვებულია გარკვეული ნაწილი, რომლის გაცნობაც კიდევ უფრო მეტ სინათლეს მოჰფენს დღემდე დაუზუსტებელ
ბევრ ისტორიულ ფაქტსა თუ მოვლენას.
ზემოთ მითითებული პროექტის ფარგლებში ვიწყებთ ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში დაცული, უცნობი, ან ნაკლებად ცნობილი დოკუმენტების გამოქვეყნებას, რაც, ვფიქრობთ, გვიანშუასაკუნეების საქართველოს ისტორიის მკვლევრებისთვის უდავოდ საინტერესო იქნება.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25