საკრალური სივრცეების ფორმირება პირველ ქართულ ეკლესიებში და ქართლის სამეფოს გაქრისტიანების საკითხები
საკვანძო სიტყვები:
არქეოლოგია, ქრისტიანული, საქართველო, ეკლესია, ლიტურგია, ბაზილიკა, არტეფაქტირეზიუმე
ჩვენ მიერ ნაქალაქარ ნეკრესში არქეოლოგიურად აღმოჩენილ IV-V საუკუნეების ორ ქრისტიანულ ტაძარში - ჭაბუკაურისა და დოლოჭოპის გრანდიოზულ ბაზილიკებში, ქართული ეკლესიებისათვის დღემდე უჩვეულო სტრუქტურული ელემენტები დადასტურდა. კერძოდ, მათ ცენტრალურ ნავებში, აღმოსავლეთიდან მე-3 და მე-4 წყვილ სვეტებს შორის, ანუ ზუსტად ნაოსების ცენტრში მოწყობილია ე. წ. ქვა-ყუთის ტიპის ოსუარიუმები. ერთ შემთხვევაში (ჭაბუკაურში), ამ ქვის ლუსკუმაში რამდენიმე მიცვალებულის ძვლოვანი ნეშტები იყო ჩაბრძანებული, არეული ნაწილების მეორად დაკრძალვაზე (ბერულ წესზე) აშკარა მინიშნებით. მეორეგან, დოლოჭოპის ბაზილიკაში კი განსაკუთრებული პატივით - ქვის სასთუმალზე დასვენებული თავით და მაღლა შემართული მაკურთხებელი მარჯვენით, ჩასვენებული იყო ერთი ინდივიდი, დიდი ალბათობით მაღალი იერარქიის
სასულიერო პირი (იქნებ, ამ ტაძრის მაშენებელი ეპისკოპოსიც). ორივე ამ სამარხის ირგვლივ დადასტურდა დაკრძალვის დროსვე მოწყობილი უჩვეულო ნაგებობათა საძირკვლების ნაშთები, რომელთა იატაკის ზედა ნაწილები, თვით ამ ლუსკუმათაგან განსხვავებით, მოგვიანებით მოუშლიათ.
ამგვარად, ორივე ტაძრში სავარაუდოა ნაოსების ცენტრში რამდენადმე მაინც შემაღლებული პლატფორმისებრი კონსტრუქციების არსებობა, საძირკველქვეშ ჩატანებული წმინდა ნაწილებით. აქ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ, რომ რომაულ და ადრეულ ბიზანტიურ სამყაროს უძველეს ქრისტიანულ ბაზილიკებში, განსაკუთრებით მრავლად კი ჩრდილოეთ და დასავლეთ სირიაში, ეკლესიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტურგიკული კომპონენტი იყო ნაოსის ცენტრში ჩადგმული ბემა, ანუ, შემაღლებული, ქვის ან ხის პლატფორმა, რომლიდანაც ღვთისმსახურებისას გარკვეულ ლოცვებს კითხულობდნენ სასულიერო პირები. იქაურ ნაეკლესიარებში გვხვდება როგორც წრიული, ისე ნახევარწრიული და მართკითხა გეგმის ბემების ნაშთები - მათი უმრავლესობა, მოგვიანებით, ლიტურგიის კანონიკის ცვლილების გამო მოუშლიათ. თუმცა, ზოგიერთზე ბალდახინისა და საკურთხევლისკენ
მიმართული სამეუფეო ტახტების ნაშთებიცაა შემონახული. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ თუკი ზოგადად ქრისტიანული ტაძარი სიმბოლურად სამყაროს მოდელს განასახიერებს, მის ცენტრში მდგარი ბემა გაიგივებული იყო როგორც იერუსალიმთან, ისე გოლგოთასთანაც და, შესაძლოა, ქრისტეს საფლავთანაც. როგორც ჩანს, ბემის სწორედ ამგვარი სიმბოლიკა განაპირობებდა იმ გარემოებას, რომ არქეოლოგიურად შესწავლილ ამ ტიპის სირიულ ძეგლებში, მრავალგან გამოვლინდა მათ ქვეშ მოწყობილი წმინდანთა სანაწილეები თუ სამარხები. ადრეული სირიული ეკლესიების ზოგიერთი ცნობილი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მცირე ზომის ბემიანი ტაძრების დიდი ნაწილი, სულაც მარტირიუმებიაო, თუმცა მეცნიერების უმრავლესობის აზრით, დიდი ზომის ბემიან სამრევლო ტაძრებს მხოლოდ წმინდანთა მავზოლეუმების ფუნქცია არ გააჩნდათ.
დიდი ალბათობით, ამ ტიპის ბემების პლატფორმების ქვეშ მოწყობილ აკლდამებში წმინდანთა ნაწილების დაბრძანება ან სამარხების მოწყობა (საკურთხევლების ქვედა კრიპტების პარალელურად), საკმაოდ გავრცელებული ჩვეულება ყოფილა სირიის მეზობელ რეგიონებშიც. სწორედ ამ მოვლენის გათვალისწინებით არ გამოვრიცხავთ, რომ ჭაბუკაურის და დოლოჭოპის ტაძრების ნაოსის ცენტრში აღმოჩენილი ქვის ოსუარიუმები, აქ სირიული ანალოგიებისამებრ აღმართული ბემების ქვეშ ყოფილიყო მოწყობილი. ჩვენი აზრით, ეს გარემოება კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი არგუმენტია იმ ჰიპოთეზის სასარგებლოდ, რომ
ქართლის (იბერიის) სამეფოში ქრისტინული სარწმუნოება და ლიტურგიის სტილი, უშუალოდ ანტიოქიის მღვდელმთავართა კურთხევით უნდა დამკვიდრებულიყო.