ოსმალების მიერ დაპყრობილი საქართველოს ტერიტორიებისათვის შედგენილი დავთრების კლასიფიკაციის საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
გურჯისტანის ვილაიეთი, ოსმალური დავთრები, დიდი დავთარი (defteri mufassal), მოკლე დავთარი (defteri icmal or defteri mucmel), ცვლილებების დავთარი (Ioklama)რეზიუმე
ოსმალეთის იმპერია დაპყრობილ ტერიტორიებზე თავისი ბატონობის განსამტკიცებლად ცდილობდა მოეშალა არსებული წეს-წყობილება და თავისი დაემკვიდრებინა. ამ მიზნით სპეციალურად დანიშნული ოსმალო მოხელეები დაწვრილებით აღწერდნენ დაპყრობილ ტერიტორიას (დასახლებული ადგილები, მოსახლეობა, გადასახადები, მიწაზე და სხვა საკუთრების ფლობის უფლებები და ა. შ), რის საფუძველზეც აწესებდნენ მართვის ახალ ადმინისტრაციულ სისტემას და მოსახლეობას აიძულებდნენ გადაეხადათ მრავალგავარი ოსმალური გადასახადები. ყველაფერი ეს ფიქსირდებოდა აღწერის სპეციალურ წიგნებში, რომლებსაც დავთრები (defteri) ეწოდებოდა. ისინი ორ ეგზემპლარად დგებოდა და დამოწმებული იყო სულთნის პირადი თუღრით (ხელმოწერა და ბეჭედი). დავთრის ერთი ეგზემპლარი ინახებოდა სულთნის კანცელარიაში და მეორე კი ადგილზე, რომლის აღწერაც იყო მოცემული დავთარში. ეს დავთრები სხვადასხვა სახისა იყო. საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიებისთვის კი იყო შედგენილი სამი ტიპის დავთარი: დიდი ანუ ვრცელი დავთარი (defteri mufassal), მოკლე დავთარი (defteri icmal or defteri mucmel) და ცვლილებების დავთარი (Ioklama). დიდ დავთარში დეტალურად იყო აღწერილი განსაზღვრული ტერიტორია თავისი მცხოვრებლებით. მასში მოცემული იყო მოსახლეობის რაოდენობა კონკრეტული კომლების ჩამოთვლით, გადასახადების სახეები და ოდენობები, მცხოვრებთა რელიგიური სტრუქტურა და ა. შ. მოკლე დავთარი კი ასახავს ოსმალო მოხელეების საკუთრებას ამ ტერიტორიის დასახლებულ ადგილებში. ისინი კი მათთვის სულთნის მიერ იყო ნაბოძები სამხედრო ოპერაციებისას გამოჩენილი დამსახურებისათვის. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ამ საკუთრების მფლობელები იცვლებოდნენ და ეს პროცესი აისახებოდა ცვლილებათა დავთარში.