სპილენძის მეტალურგია და კოლხური ბრინჯაოს კულტურა (მთიანი კოლხეთი - მეტალურგია-ნასახლარი - მოდელირება)

ავტორები

  • ნინო სულავა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

archaeometallurgy, copper, Colchian Bronze Culture, Koban

რეზიუმე

კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოცენებული, კავკასიის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური კულტურის - ,,კოლხური ბრინჯაოს კულტურის’’ არქეომეტალურგიული ძეგლების კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორი ფაქტორის გამო: ერთი ფაქტორია ის, რომ კოლხეთი გარესამყაროსათვის (ასურული, ურარტული, ბერძნული წერილობითი წყაროები და ლიტერატურული ძეგლები, ბერძნული მითები - იხ.: სულავა და სხვ., 2025) მეტალურგიის წყალობით გახდა ცნობილი, რასაც თან
ერთვის კოლხეთის ეროვნული იდენტობის მაჩვენებელი ინფორმაციის გაჩენაც - ტერიტორიის მიმანიშნებელი და ტერიტორიის სახელდება, ამ ტერიტორიაზე მოსახლე ტომების სახელები, საქმიანობა და ცხოვრების წესი, მეზობელ მოსახლეობასთან მათი ურთიერთობა.
მეორე ფაქტორი კი არის ის, რომ ,,კოლხური ბრინჯაოს კულტურა’’, რომლის არეალია დასავლეთ საქართველო და მისი მიმდებარე ტერიტორიები (სამხრეთიდან თურქეთის ტერიტორიის ნაწილი, აღმოსავლეთიდან აღმ. საქართველოს ნაწილი, ჩრდ. კავკასიის რეგიონები) (ლორთქიფანიძე, 2002, გვ. 133; შდრ. სულავა, 2014, გვ. 55; სულავა, 2020ა, გვ. 5), წარმოდგენილია დიდი რაოდენობით ისეთი აღმოჩენებით, როგორიცაა - სპილენძ/ბრინჯაოს განძები (ლორთქიფანიძე, 2001) და ცალკეული ნივთები, სამაროვნებში, შემთხვევითი მონაპოვარის სახით (საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, სამკაული, მცირე პლასტიკის ნიმუშები); აგრეთვე, უშუალოდ სპილენძ/ბრინჯაოს მეტალურგიასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით არტეფაქტები - სპილენძ/ბრინჯაოს ზოდები დას. საქართველოს ბრინჯაოს განძებიდან (ქორიძე, 1965; სულავა, ოქრუაშვილი, გილმორი, 2022, გვ. 88-95), ყალიბები (სულავა, †სახაროვა, 2012, გვ. 88-104; Сулава, 2022, გვ. 56-64), წიდები, ნაღვენთები, თიხის - ქურის შელესილობის, სადნობი ქვაბისა და მილების ფრაგმენტები (სულავა, 2014, გვ. 33-39; სულავა, რეზესიძე, 2017, გვ. 28-37); მთელი ამ ჩამოთვლილი
არქეოლოგიური მასალის ფონზე თვით არქეომეტალურგიული ძეგლები კი, სადაც სპილენძის დნობა-ჩამოსხმა ხდებოდა, არ ჩანდა; ხოლო XX საუკუნის 60-70-იან წლებიდან გამოვლენილი არქეომეტალურგიული ძეგლები - ქურა-სახელოსნოები მიჩნეული იყო რკინის მეტალურგიის ძეგლებად, და შესაბამისად, წყაროებში დაცული ცნობებიც რკინის მეტალურგიაზე იყო მოძიებული (ხახუტაიშვილი, 1978; Хахутаишвили, 1987; Khakhutaishvili, 2009; ინანიშვილი და სხვ. 2010; ინანიშვილი 2014; სულავა და სხვ., 2025).

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-09-29