თამარის მამიდა რუსუდანი და მისი როლი საქართველოს სამეფო კარის ცხოვრებაში

ავტორები

  • გიული ალასანია

საკვანძო სიტყვები:

თამარ მეფე, რუსუდან დედოფალი, გიორგი მესამე, შოთა რუსთაველი

რეზიუმე

მე-17 საუკუნის ქართველი მემატიანის ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, თამარის მამიდამ, რუსუდანმა თამარის მამის, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფობა მოინდომა: „აქა რუსუდან დედოფალს, გიორგი მეფის დასა, უნდოდა თვისი გაჴემწიფება, მამის მისის და ძმისა, მეფის გიორგის, ალაგს გამეფება“. „ქართლის ცხოვრების“ არცერთ ჩვენთვის საინტერესო წლების აღმწერ თხზულებაში მსგავსი ცნობა არ არის შემორჩენილი, ამავე დროს, ფარსადანს ხელთ ჰქონდა ზოგიერთი წყარო, რომელიც დღეს ჩვენთვის აღარ არის მისაწვდომი, რაც იძლევა შესაძლებლობას შეივსოს ან ჩასწორდეს საქართველოს ისტორიის ზოგიერთი ფურცელი. შევეცადეთ შეგვემოწმებინა ფარსადანის ზემოთ მოტანილი ინფორმაცია და გვეჩვენებინა, თუ რამდენად
იძლევა ჩვენს ხელთ არსებული მასალა ფარსადანის ცნობის დაშვების შესაძლებლობას.
სავარაუდოა, რომ იმას, რასაც გვერდს უვლიან ოფიციალური მემატიანეები, ნათელს ფენს შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“. ის, რომ რუსუდანი კარზე ძლიერი და გავლენიანი პიროვნება იყო, ეს პოემის გარდა (დავარი) „ქართლის ცხოვრების“ შესაბამის თხზულებებშიც კარგად ჩანს. სწორედ რუსუდანს შეეძლო შემოეკრიბა და გამოეყვანა მეფის კარზე არსებული რეალობით უკმაყოფილო ძალები, თუმცა ამის შესახებ „ქართლის ცხოვრება“, რომელიც ქვეყნის წარსულის ოფიციალური ვერსიაა, არაფერს ამბობს. არ არის გამორიცხული, რომ აჯანყება გიორგი III-ის მკვლელობით დაწყებულიყო, რის შესახებაც ინფორმაცია უკვე არამარტო „ ქართლის ცხოვრებაში“, არამედ არც პოემაშია, რომელიც მოვლენებთან ახლო დროში
შეიქმნა, თუმცა, „ქართლის ცხოვრების“ შესაბამისი თხზულებები არ მალავენ, რომ უკმაყოფილება გიორგის გატარებული პოლიტიკით დიდი იყო. ამასთანავე, გიორგი III-ის არყოფნის პირობებში, ცხადია, ადვილი ხდებოდა თამარის გზიდან ჩამოშორება. ამ ვარაუდისკენ მივყავართ თითქოს თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებასა და ლაშა-გიორგის დროინდელი
მემატიანის მონაცემებს.
თამარ მეფის მემატიანეებისა და „ვეფხისტყაოსნის“ მონაცემების შეჯერების საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ გიორგი III-ის მეფობის წლებში ორბელების აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ამბოხებულების დიდი ნაწილის განდევნის მიუხედავად, ქვეყანაში მათი ბევრი მომხრე რჩებოდა, რამაც მის დას, რუსუდანს, რომელიც დემეტრე I-ის ასული იყო, როგორც ჩანს, ტახტის დაუფლების იმედი გაუჩინა. სწორედ ეს გახდა თამარის მეფობის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აჯანყების მიზეზი.
თამარის მეფობის დასაწყისში მომხდარი აჯანყება, როგორც ჩანს, ორ ეტაპად მიმდინარეობდა. დასაწყისში დიდგვაროვანთა აჯანყების მიზანი სავარაუდოდ, რუსუდანის ტახტზე დასმა იყო, თუმცა მოგვიანებით მათ სხვა უკმაყოფილო ფენებიც შეუერთდნენ - ვაჭართა და მოქალაქეთა ზედა ფენები, რაც აჯანყების ლიდერების გეგმებში აღარ შედიოდა, რის გამოც მოწინააღმდეგებთან მორიგება არჩიეს. ვითარება შეცვალა თამარის მეორე ქორწინებამ, რომლის შემდეგაც რუსუდანი კარზე კვლავ გავლენიან პიროვნებად რჩებოდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია