სპარსულ წერილობით წყაროთა ცნობები როსტომ მეფის ქორწინების შესახებ
საკვანძო სიტყვები:
როსტომი, თეიმურაზი, შაჰ სეფი, ირანი, მარიამირეზიუმე
წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ქართლის ვალის – როსტომის, იგივე ხოსრო-მირზა ბაგრატიონის (1633-1658) ქორწინების და მასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენების განხილვას. კონკრეტულად, საუბარია როსტომ მეფისა და ოდიშის მთავრის, ლევან დადიანის დის – მარიამის ქორწინებაზე 1634 წელს. ამის თაობაზე ცნობები დაცულია სხვადასხვა (ქართულ, სპარსულ, თურქულ, ევროპულ) წერილობით წყაროებში. მათი უმეტესობა კარგადაა ცნობილი და შესწავლილი ქართულ ისტორიოგრაიაში, თუმცა წყაროთა გარკვეული ნაწილი ნაკლებადაა ცნობილი და შესაბამისად, არაა მოხმობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. აქედან გამომდინარე, ფრიად მნიშვნელოვანია ახალ წყაროთა მოკვლევა-მოძიება და სათანადო კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, მათი მონაცემების გათვალისწინება შორეული წარსულის მთელი რიგი ისტორიული ფაქტების თუ მოვლენების წარმოსაჩენად.
ამჯერად ყურადღება ფოკუსირებულია XVII საუკუნის იმ სპარსულ წყაროებზე (მოჰამმად იუსუფის, მოჰამმად მა’სუმის, აბუ ალ-მაფახერ თაფრეშის, მირ თემურ მარაშის ნაშრომები), რომლებიც საინტერესო ცნობებს შეიცავენ განსახილველი საკითხების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ინფორმაცია ხოსრო-მირზას აღზევების შესახებ სეფიანთა სამეფო კარზე, მისი და შაჰ სეფი I-ის (1629-1642) გულთბილ ურთიერთობაზე, ქართლში მის გამეფებაზე და მარიამ დადიანზე დაქორწინებაზე, თეიმურაზ
მეფისა და იმერეთის მეფის - გიორგი III-ის უშედეგო მცდელობაზე აღნიშნული ქორწინების ჩასაშლელად, თეიმურაზისა და როსტომის დაპირისპირებაზე და სხვ. ირანელი მემატიანეები, რომლებიც თავიანთ ნაშრომებში აღწერილ მოვლენათა თანამედროვენი იყვნენ (შესაძლოა, ზოგჯერ – თვითმხილველნიც), ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როსტომმა, როგორც ირანის ხელისუფლების ხელდასხმულმა და ერთგულმა ვასალმა, მარიამ დადიანზე დაქორწინების საკითხი ჯერ შაჰ სეფისთან შეათანხმა.
რამდენადაც დადიანსა და როსტომს შორის ნათესაური კავშირის შეკვრა სეფიანთა სახელმწიფო ინტერესებს ყველა პარამეტრებით მიესადაგებოდა, შაჰ სეფიმ როსტომს არჩევანი მოუწონა და საქორწილო საჩუქრებიც გამოუგზავნა.
სპარსულ საისტორიო თხზულებებში დაცული ინფორმაცია ნაშრომში შეჯერებულია პარალელური ცნობების შემცველ ქართულ, თურქულ და ევროპულ წყაროთა მონაცემებთან. მათი სათანადო ანალიზის და საკვლევი პერიოდის კონკრეტული ისტორიულ-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინების საფუძველზე, გამოტანილია შესაბამისი დასკვნები.