მშვიდობის ქართული პარადიგმა
საკვანძო სიტყვები:
მშვიდობის ქართული პარადიგმა, კონფლიქტი, აფხაზეთი, საუნივერსიტეტო დიპლომატიარეზიუმე
საქართველოსთვის საბჭოური სისტემის 30 წლიანი უსისტემო დემონტაჟისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზა წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა. პოსტსაბჭოთა სივრცის ტრანსფორმაციის ზღურბლზე, რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, ჩვენც გვიღალატა პოლიტიკურმა ალღომ და ვერ გადავურჩით იმპერიის მიერ ჩადებულ „ნაღმებს“, – უპირველეს ყოვლისა, თავს მოხვეულ ე.წ. ეთნო–პოლიტიკურ კონფლიქტებს, რომელთა ტრაგიკულად მძიმე შედეგები დღესაც აისახება ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. წინამდებარე პრობლემატიკით ავტორის დაინტერესება მხოლოდ დროის მოთხოვნა, ან პოლიტიკით გატაცება როდია. საქართველოში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების ანალიზი გვიბიძგებს არსებული
სტატუს–კვოს მიუღებლობისკენ. სახეზეა მოცემულობა: დროებით გაყოფილი, პოლიტიკურად დასნეულებული და ზნეობრივადაც გასაჭირში მყოფი ეროვნული სხეული, რომლის მომავალს ავტორი მხოლოდ ორგანული მთლიანობის გათვალისწინებით ხედავს.
ამასთან, წინაპირობად უნდა განვიხილოთ იმ თემის მოძიება, რომელიც აუცილებელი საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით ერის მაკონსოლიდირებელ – საქართველოს ერთიანობისა და უმაღლესი ღირებულების – თავისუფლების მარადიული იდეის რეალიზაციას დაუკავშირდება, ხოლო, ქვეყნის გარეთ – საქართველოსადმი, ცივილიზებული
სამყაროს, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან მიდგომას– ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თემა, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, საერთაშორისო რეპუტაციული ინსტიტუტების დღის წესრიგში რჩება, ერთადერთია და იგი, არა ერთი ქვეყნის, არამედ, სახელმწიფოებრივი, ეროვნული, მეტიც, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელი ნორმების უპატივცემულობისა და სხვა გლობალური მნიშვნელობის ფსევდო–ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის – აფხაზეთის (ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის) პრობლემის დარეგულირებასთან ასოცირდება.
სწორედ ამ შინაგანი მოთხოვნილების წარმოქმნილ აზრსა და მისი რეალიზაციის მცდელობას წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომი – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც არა მხოლოდ თეორიული დატვირთვის, არამედ, პრაქტიკული ღირებულების მატარებელია (არაფერია კარგ თეორიაზე პრაქტიკული). რეალურად, ჩენს შესაძლებლობას, პოლიტიკური წესების დაცვით, სიღრმისეული ცვლილება შევიტანოთ ჩვენს აზროვნებაში, უსარგებლო ინსტრუმენტის – უსასრულო, მოდური და არა
საგნობრივი ლანძღვის ნაცვლად, სხვა ერებთან და ქვეყნებთან მშვიდობიანი თანაარსებობით, შევქმნათ ახალი ნარატივი, სასურველისკენ შევცვალოთ არსებული მოცემულობა და, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს ბედი – მისი მომავალი.
ნაშრომის მიზანია, მოკლე ისტორიულ ექსკურსთან ერთად, მიმოვიხილოთ ახალ ცოდნაზე დაფუძნებული ჩვენეული არასტანდარტული ხედვა და მტკიცე სახელმწიფოებრივი პოზიცია. მკითხველის სამსჯავროზე გზამკვლევად გამოვიტანოთ საკითხი: როგორ გამოიხატება ფორმირებად გლობალურ სივრცეში უნივერსიტეტისა და დიპლომატიის, ამ ორი ცნების სინერგიაზე („საუნივერსიტეტო დიპლომატია“) დაფუძნებული იდეის არსი და სამხრეთ კავკასიის (რომელიც არითმეტიკულ ჯამზე (3) მეტი სიდიდეა) სამშვიდობო სივრცედ ფორმირების მნიშვნელობა, რა ღირებულებებსა და ფასეულობებს ემყარება შემოთავაზებული მიდგომები, როგორ უწყობს ხელს ადამიანთა გონებრივი არეალის გაფართოებასა და მათი ქცევის სტერეოტიპის გაჯანსაღებას, როგორც საზოგადოებრივ ისე კულტურათშორის ურთიერთობათა გაღრმავება–განვითარებას, კონფლიქტში მონაწილე მხარეთა პრაქტიკული სარგებლის მიღებით გარემომცველი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლასა და სხვ. ავტორი არ ცდილობს, გააკვირვოს მკითხველი, ან არაორდინალური ცხოვრებით ისედაც გადაღლილს, თავს მოახვიოს, თუნდაც შინაგანი მრწამსით გამოხატული, მისეული ორიგინალური ხედვა. სურვილი აქვს, დასავლური პრაგმატულობის, აღმოსავლური გულისხმიერებისა და ტრადიციების სრული დაცვით (რომელსაც ყველაფერი ემორჩილება), გამოაფხიზლოს და გამოიყვანოს იმ გაურკვეველი ბურუსისგან, რომელშიც ასე საფუძვლიანად გაახვიეს, მეტი ნდობა გამოუცხადოს და განაწყოს იგი (უპირველესად, აფხაზი და ოსი) ამ ნაშრომის გასაცნობად, რაც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება თავად მკითხველისთვის, ვინც განიცდის საკუთარ ბედ–იღბალს და აინტერესებს საკუთარი ერის უკეთესი მომავალი.