ტრადიციული სამეურნეო კულტურის ისტორიის საკითხები ტაო-კლარჯეთში – მებაღეობა და სამიწათმოქმედო ყოფა

ავტორები

  • ნუგზარ მგელაძე

საკვანძო სიტყვები:

ტაო, კლარჯეთი, მემინდვრეობა, მიწათმოქმედება, ბოსტანი, ბაღჩა, ყანა, მარცვლეული კულტურა

რეზიუმე

სამიწათმოქმედო ყოფა და სამესაქონლეო კულტურა, მათი სიმბიოზური იერსახე, მტკვრის, ჭოროხის, ევფრატისა და ტიგროსის აუზებში უხსოვარი დროდან ვითარდებოდა. მდინარეთა ეს აუზები კულტურულად მონათესავე ხალხებით იყო დასახლებული, რომლებიც ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ და, შესაბამისად, უკვე ენეოლითის დასასრულიდან აგრარული ცივილიზაციის პიონერებად ჩამოყალიბდნენ. მდინარეთა ამ სისტემაში ჭოროხის აუზს, სადაც შუასაუკუნეებში ქართული ფეოდალური პროვინციების ერთი ნაწილი, მათ შორის ტაო და კლარჯეთი წარმოიქმნა, გამორჩეული ადგილი ეკავა.
კავკასიისა და ანატოლიის ხალხებში მიწათმოქმედება მეურნეობის ძირითადი დარგი იყო, შესაბამისად, ამ უზარმაზარი ეთნოკულტურული სივრცის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მიწათმოქმედებამ უაღრესად დიდი როლი შეასრულა. ტაოელთა და კლარჯთა მეურნეობრივი ცხოვრების წესი, ბუნებრივია, გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებთან შესატყვისობაში, ისტორიული საქართველოს სხვა კუთხეთა მსგავსად, მთის, მთისწინა ზოლისა და ბარის სამეურნეო ყოფის თანმხვედრი იყო.
ტაოელებისა და კლარჯების სამეურნეო ზონები სტრუქტუირებული იყო. კარმიდამოს გარს ეკრა ქვებისაგან ხელოვნურად შემოზღუდულ ტერასებში განლაგებული ბოსტნები და ხეხილის ბაღჩები, რომელთაც კარმიდამოდან შედარებით მოცილებით, ფერდობებსა და მდინარისპირა ბორცვებზე მდებარე ყანები და ჭალები მოსდევდა. ხევისპირული დასახლებების სამიწათმოქმედო ყოფისათვის სარწყავი სისტემის გამართულობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ტაო-კლარჯეთი საკმაოდ ცხელი, კლდოვანი ზონალობის ტერიტორიული სივრცე და წყლით მდიდარი რეგიონი იყო, რაც იქ საირიგაციო პერსპექტივებსა და მნიშვნელობას
ერთიორად ზრდიდა.
ტერასული მეურნეობა ადამიანს ტერასაში მოქცეული მიწის მორწყვის აუცილებლობის წინაშე აყენებდა. სწორედ ბუნებრივმა მოთხოვნილებებმაც განაპირობა ის, რომ სარწყავი მიწათმოქმედება, მსგავსად მცირე აზიის – ანატოლიისა, საქართველოშიც, კერძოდ, ტაოსა და კლარჯეთშიც წარსულში საკმაოდ განვითარებული იყო.
კავკასიასა და მცირე აზიაში – ანატოლიის, განსაკუთრებით, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, სამიწათმოქმედო ყოფის განვითარებასთან შესაბამისობაში არა მარტო ადამიანის შრომა-საქმიანობის ამსახველი ტექნოლოგიები, არამედ საკუთრივ მარცვლეულ კულტურათა ფორმებიც ვითარდებოდა, რომელთაგან ბევრი ენდემურ ჯიშებადაა მიჩნეული. სათესი ნაკვეთები მარცვლეულის მოსაყვანად იყო განკუთვნილი, ხოლო ჭალები სათიბად და საქონლისათვის საზამთრო მარაგის შესაქმნელად.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

ეთნოლოგია