ქართველი ქალის სამოსი ქრისტოფორო დე კასტელის ალბომიდან – მხატვრის ფანტაზია თუ რეალობა

ავტორები

  • ირინა უგრეხელიძე
  • ნონა ქარციძე

საკვანძო სიტყვები:

კასტელის ალბომი, სამოსი, თავსაბურავები, XVII საუკუნე, ქართული მონუმენტური და მინიატურული მხატვრობა

რეზიუმე

ქართული სამოსის ΧVΙΙΙ საუკუნეზე ადრინდელი ნივთიერი ძეგლების არარსებობა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ქართული კოსტიუმის ისტორიის სრული პანორამული სურათის წარმოჩენისა და მისი განვითარების პროცესის გააზრებისათვის. პრობლემის გადაჭრისათვის ფასეულ ინფორმაციას შეიცავს სხვადასხვა ეპოქის უცხოენოვანი წყაროები. მათ შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანია XVII საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე იტალიელი კათოლიკე მისიონერის, თეატინელთა ორდენის პატრის დონ ქრისტოფორო დე კასტელის შემოქმედება. წინამდებარე ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენს ქრისტოფორო დე კასტელის შემოქმედებაში წარმოდგენილი XVII საუკუნის ქართული სამოსისა (ქალის სამოსის) და თავსაბურავების ანალიზისა და შესაბამის ქართულ და უცხოურ სახვით წყაროებთან შედარების საფუძველზე, დადგენილ იქნას რეალობას შეესაბამება ეს სახეობები თუ მხოლოდ მხატვრის ფანტაზიაა.
კვლევა ეფუძნება ხელოვნების ისტორიისათვის აპრობირებულ მეთოდებს. კასტელის ესკიზებისა და ჩანახატების სიღრმისეული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ალბომში წარმოდგენილი სამოსის სახეობებიდან უმეტესობას პარალელი ეძებნება ქართულ მხატვრობასა (მონუმენტური და მინიატურული ფერწერა) და წერილობით ძეგლებში. მხოლოდ ზოგიერთი მათგანია განსხვავებული, რომელთა გამოყენების შემთხვევები ქართულ წყაროებით არ დასტურდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბომში ასახული ქართველი მანდილოსნების თავსაბურავების მთელი გალერეა, რომელთა უმეტესობა სრულიად უცხოა ქართული ტრადიციისათვის და მათი ანალოგები მხოლოდ მუსულმანი დედოფლების პორტრეტულ გამოსახულებებში გვხვდება – რაც აღმოსავლური ზესახელმწიფოების სამეფო კარის ეტიკეტისა და მოდის გავლენით აიხსნება.
კვლევამ დაადასტურა, რომ კასტელის ალბომში ასახული სამოსისა და თავსაბურავის ნაირსახეობები, არა მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია, არამედ თვითმხილველი დამკვირვებლის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი დოკუმენტური მასალებია და მათში, როგორც სარკეში, არეკლილია სწორედ ის რეალობა, რომლის თანამონაწილე თავად ავტორი იყო. ამდენად, მის ნაშრომს თანამედროვე ეტაპზეც არ დაუკარგავს აქტუალობა და ერთ-ერთ სანდო და მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქართული კოსტიუმის ისტორიისა და ევოლუციის პროცესის დადგენისათვის.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

ხელოვნების ისტორია