ქსნის ხეობის სოფელ ძაბოეთის ისტორიიდან

ავტორები

  • დავით ახლოური ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0002-1068-4042

საკვანძო სიტყვები:

ქარჩოხის ხეობა, კამერალური აღწერა, მიგრაცია, კომლი, სალოცავები, ციხე-კოშკები, ეპიტაფია

რეზიუმე

ნაშრომში საუბარია ქსნის ხეობის ისტორიული სოფელ ძაბოეთის შესახებ, რომელიც ქარჩოხის თემში, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.
ყურადღება ეთმობა შუა საუკუნეებით დათარიღებულ ციხის კომპლექსს, რომელიც შედგებოდა ეკლესიის, კოშკის, გალავნისა და სხვა არაერთი ნაგებობისაგან. ასევე შუა საუკუნეების მაცხოვრის ეკლესიას, სადაც დაბრძანებული იყო ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები. ტაძარში, ხატებთან ერთად ინახებოდა ორი ძვირფასი ნივთი - საუფროსო სკამი და თითბერის თასი. საუფროსო სკამი საერო ნივთი ყოფილა და სალოცავისთვის რომელიმე ოჯახს უნდა შეეწირა. თითბერის თასზე კი წარწერა იყო: „ყაფლანის შვილის რევაზის ქალის ბატონის მარიამისა”...
როგორც ირკვევა, თასი თავის დროზე ორბელიან-ყაფლანიშვილებს გადაუციათ ერისთავთა ოჯახისთვის, ერისთავებს კი სულის საოხად მათ მამულში მდგარ ძაბოეთის მაცხოვრის ეკლესიისთვის უნდა შეეწირათ. უშუალო შემწირველები კი რევაზ შალვას ძე ერისთავი და მისი ასული მარიამი უნდა ყოფილიყვნენ, რევაზ ერისთავის დედა და მარიამის ბებია ეკატერინე სწორედ ყაფლანიშვილთა საგვარეულოდან გახლდათ.
ნაშრომში განმარტებულია ტოპონიმი „ძაბოეთი” და ისტორიული წყაროების ანალიზის საფუძველზე მითითებულია, რომ ძაბოეთად მხოლოდ ის ადგილი არ მოიხსენიებოდა, სადაც მეთვრამეტე საუკუნიდან დამკვიდრდნენ ოსები, იგი გაცილებით ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი ტერმინი გახლდათ.
ოსების ძირძველ ქართულ მიწაზე დასახლება კი XVIII საუკუნიდან ხდება. აქ მცხოვრებთა შთამომავლების ინფორმაციით, ისინი ქსნის ხეობაში დვალეთის ცენტრალური ხეობიდან - ზახადან გადმოსულან, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ძაბოეთში ხშირად ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა ნაკადის მონაცვლეობა და შესაბამისად იცვლებოდა დემოგრაფიული ვითარებაც. XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული წყაროების საფუძველზე ნაჩვენებია, თუ რა გვარის მოსახლეობა დამკვიდრდა ძაბოეთში, როგორ იზრდებოდა წლების განმავლობაში მათი რიცხვი, რა სახის გადასახადებს იხდიდნენ, როგორი წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მოსული უცხო ტომისა და აბორიგენი ქართველების კეთილ მეზობლური ურთიერთობები, რომელიც განმტკიცებული იყო შერეული ქორწინებებითა და ნათელ-მირონობით.

ნაშრომის ბოლოს საუბარია ძაბოეთში მცხოვრები ოსების ბოლო თაობაზე და მათ მიგრაციაზე, როგორც ისტორიულ სამშობლოში, ისე შიდა ქართლის ბარის სოფლებში.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია