სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კავკასიის ფრონტზე 1918 წლის იანვარ-მაისში

ავტორები

  • მიხეილ ბახტაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0002-3623-9924
  • პაველ ოლსევსკი ისტორიის ჰაბილიტირებული დოქტორი, კელცის იან კოხანოვსკის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ფილიალი პიოტრკოვს ტრიბუნალსკში https://orcid.org/0000-0002-7476-6274

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია, ოსმალეთი, გერმანია, სეიმი, კომისარიატი, პირველი მსოფლიო ომი

რეზიუმე

1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტი რუსეთის იმპერიისთვის ყველაზე წარმატებული იყო. მაგრამ 1917 წელს იმპერიაში განვითარებულმა მოვლენებმა ვითარება შეცვალა. 1917 წლის 5 (18) დეკემბერს, ერზინჯანში, ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო სამხედრო მოქმედებები. ოსმალთა სურვილი გასაგები იყო. მათთვის მნიშვნელოვანი იყო წარუმატებელი სამხედრო კამპანია შეეწყვიტათ. ასევე სჭირდებოდათ დრო, რათა გარკვეულიყვნენ ვითარებაში და დაკვირვებოდნენ მოვლენათა განვითარებას. თავის მხრივ ამიერკავკასიის კომისარიატიც დაინტერესებული იყო ზავით. რუსეთის არმიის ბოლშევიზაციისა და დემორალიზაციის ფონზე სამხედრო მოქმედებების გაგრძელება კარგს არაფერს მოიტანდა.
1918 წლის იანვრის ბოლოს, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებით: ფაქტობრივად ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, რუსეთის არმიის მიერ პოზიციების მიტოვება, ახლადშექმნილი ეროვნული შენაერთების დაბალი ბრძოლისუნარიანობა, ისარგებლა ოსმალეთმა, დაარღვია ერზინჯანის შეთანხმება და შეტევა დაიწყო. მას სურდა დაებრუნებინა რუსეთთან 1877-1878 წლების ომის დროს დაკარგული ტერიტორიები, ასევე სურდა დაემორჩილებინა ბუნებრივი
რესურსებით მდიდარ ეს მხარე და პირველ რიგში აზერბაიჯანის ნავთობსარეწები.
რადგან სამხედრო უპირატესობა ოსმალეთის მხარეს იყო, სამ თვეში მისმა შენაერთებმა დაიკავეს: ტრაპიზონი, ერზინჯანი, არზრუმი, სარიყამიში, ბათუმი, ყარსი, ალექსანდროპოლი. ამიერკავკასიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობდა დიპლომატიური მოლაპარაკებებიც ეწარმოებინა. ჯერ ტრაპიზონში და შემდეგ ბათუმში მიმდინარეობდა საზავო მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ. ოსმალეთი დროს წელავდა. ბათუმის მოლაპარაკებების დაწყებამდე გამოაშკარავდა გერმანიის ხელისუფლების
დაინტერესება სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებით. გერმანიას სურდა გაეფართოებინა საკუთარი ეკონომიკური გავლენა რეგიონში და შეეზღუდა ოსმალეთის ექსპანსია. ბათუმში წარმატებული აღმოჩნდა ქართულ-გერმანული კონსულტაციები და 24 მაისს მხარეები შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე.
26 მაისს ოსმალეთის წარმომადგენლებმა ახალი ულტიმატუმი წამოაყენეს, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობამ ვერ მიიღო, რადგან იმავე დღეს, დილით ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა დაიშალა. საქართველომ და სომხეთმა 4 ივნისს, ცალ-ცალკე, დადეს ზავი ოსმალეთთან. ოსმალთა არმიის შენაერთები კავკასიის ფრონტზე საკმაოდ სუსტ ძალას წარმოადგენდნენ, მაგრამ ამიერკავკასიის სეიმს ნაუცბათევად შეკრებილი და თითქმის გაუწვრთნელი სამხედრო შენაერთები ყავდა. სწორედ ეს იყო ოსმალთა სამხედრო წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. ოსმალეთის იმპერიის სამხედრო წარმატებებს ხელი შეუწყო პოლიტიკურმა ვითარებამაც, სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მდგომარეობამ. მათ შორის ბრესტში ხელმოწერილმა ზავმა. თავის მხრივ, ოსმალეთის სამხედრო წარმატებებმა კავკასიის ფრონტზე განაპირობა ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. ეს იყო წარუმატებელი მცდელობა, ოსმალეთის აგრესიის ფონზე ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთ სახელმწიფოში ცხოვრებისა, რაც სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია