პატარა ლიახვის ხეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში და მოსახლეობის პროტესტი

ავტორები

  • გიორგი სოსიაშვილი ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0000-0002-2406-8662

საკვანძო სიტყვები:

ლიახვის ხეობა, ოსები, აჯანყება, ბოლშევიკები, ოკუპაცია

რეზიუმე

იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას, რომლის მიზანს საქართველოს სხვადასხვა კუთხის რუსულ სივრცეში ინტეგრაცია და აქ მცხოვრები ხალხის სრული ასიმილაცია წარმოადგენდა, რუსეთის ხელისუფლება გეგმაზომიერად შეუდგა. საიმპერატორო კარის ინტერესში შედიოდა კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ანკლავების შექმნა, აღნიშნული პოლიტიკა საქართველოში მცხოვრები მთიელების ასევე ჩრდილო კავკასიიდან შიდა ქართლის მთიან ზოლში ჩამოსახლებული ოსებისათვის ცალკე ადმინისტრაციული ერთეულების ჩამოყალიბებით დაიწყო. 1842 წელს, რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრის ჩერნიშევის მითითებით, კავკასიის მთავარმართებელმა გოლოვინმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის, რომლებიც უწინ გორის, თბილისის და თელავის მაზრებში შედიოდნენ, ორი ადმინისტრაციული ერთეული: თუშ-ფშავ-ხევსურეთისა და ოსეთის ოკრუგი შექმნა. ოსეთის ოკრუგს მიაკუთვნეს საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს მცხოვრები მთიულები და მოხევეები. იმავე წლის სექტემბერში გოლოვინმა ოსეთის ოკრუგი მოინახულა, რომლის ცენტრს ქვეშეთი წარმოადგენდა. ჩანდა, რომ ქვეშეთიდან მოუხერხებელი იყო დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელზე ოსებით დასახლებული ჯავის, მაღრან-დვალეთის, ასევე ნარ-მამისონის მართვა, ამიტომ სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის მთის ოკრუგი შეიქმნა. 1843 წელს ოფიციალურად შეიქმნა ოსეთის ოკრუგი, რომელიც სამ უბნად გაიყო: ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის. ოსეთის და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსები სპეციალური ინსტრუქციით მთის ოკრუგის უფროსს დაუქვემდებარეს. ოსეთის ოკრუგში არდონის ხეობაც (დვალეთი) შედიოდა და მის ცენტრს ჯავა წარმოადგენდა. 1858 წლის 3 აპრილს შეიქმნა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთა, რომლის შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ოსეთის სამხედრო ოკრუგი. ამ ადმინისტრაციულ ერთეულს მალე ვლადიკავკაზთან სიახლოვის გამო, ოსეთის ოკრუგში შემავალი ნარის უბანი მიაკუთვნეს და ამით საქართველოს ტერიტორიას მისი განუყოფელი ნაწილი ისტორიული დვალეთი ჩამოაცილეს. ჯავის და პატარა ლიახვის საპოლიციო უბნები ჯერ თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში იყო, შემდეგ კი ოსეთის საპოლიციო უბნის სახით გორის მაზრას დაუქვემდებარეს. საქართველოში ჩამოსახლებულ ოსებს თანდათან მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების ისტორიულ საცხოვრისად გამოცხადების სურვილი გაუღრმავდათ, რამაც თანდათან სეპარატისტული მოძრაობის სახე მიიღო. ამის ნათელი
დადასტურება ჯერ კიდევ 1917 წლის დეკემბერში დაიწყო. 1917 წლის 15-17 დეკემბერს, სამხრეთ ოსეთის დელეგატთა მეორე ყრილობამ, რომელიც ცხინვალში გაიმართა, სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო აირჩია. საქართველოს ეროვნული საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდა სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოსთან, თუმცა, ოსი სეპარატისტები დაპირისპირების პროვოცირებას ახდენდნენ. როგორც ლ. თოიძე წერს: ,,აქ ერთმანეთში იყო გადახლართული სოციალური, ეროვნული და სეპარატისტული მოტივები.” 1918 წლის 19 მარტს, ცხინვალში ოსმა ბანდებმა შემზარავი ტრაგედია დაატრიალეს. დახოცეს მოლაპარაკებაზე მისული ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, სასტიკად გაუსწორდნენ ასევე ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. 1918 წლის მარტში ოსი სეპარატისტების გამოსვლა ქართულმა სახალხო გვარდიამ გაანეიტრალა. თუმცა ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსების გამოსვლები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. ოსურ სეპარატიზმს ხელ-ფეხი 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ გაეხსნა. 1922 წლის 20 აპრილს, კრემლმა
ოფიციალურად გააფორმა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა. გამოიცა დეკრეტი (#2) „სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერდნენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ს. ქავთარაძე და აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი თ. კალანდაძე. ხელოვნურად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში იძულებით შეიყვანეს უძველესი ქართული სოფლები. დეკრეტში აღწერილია ის გეოგრაფიული ხაზი, რომელიც ავტონომიურ წარმონაქმნში მოქცეულ ქართულ სოფლებს დანარჩენი ტერიტორიისგან გამიჯნავდა. ერთი მონაკვეთი სწორედ პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე არსებულ სოფლების სამხრეთით გადიოდა, კერძოდ, ცხინვალის სამხრეთიდან სოფელ ერედვს მიუყვებოდა, შემდეგ არბოს ჩრდილოეთ ნაწილში კვეთდა მდ. პატარა ლიახვს, ასევე ჭარებულას მერეთის და კოშკის ზემოთ და შემდეგ სამხრეთ აღმოსავლეთით სოფელ ფლავისმანის ზემოთ ეშვებოდა. დოკუმენტში ვკითხულობთ: “სამხრეთით: სანაპირო ხაზი გაგრძელდება ჭორჭან-წნელისის გზით, გადასჭრის მდინარე ლოპანს, წნელისის ქვევით, მოუხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით; გაივლის სოფ. ატოცის ზევით, გადასჭრის მდინარე ფრონას სოფ. ოქონის ქვევით, მიიმართება სამხრეთით, მდინარე ფრონის აღმოსავლეთით, გადასჭრის მდინარე ფრონის მარცხენა შენაკადს, სოფ. ქვათეთრის ქვევით; შემდეგ გადასჭრის მდინარე ფრონას (ყორნისისა) სოფ. და დვანას ზევით; გაივლის დვანი-გუჯაბაურის გზის პარალელურად ჩრდილო-დასავლეთის მხრით; გადასჭრის მდინარე დიდ ლიახვს ქალაქ ცხინვალის ქვევით და სოფელ ერგნეთის ზევით; მიებჯინება სოფ. ერედვას; გადასჭრის მდინარე პატარა ლიახვს, სოფელ არბოს ზევით, მდინარე ჭარებულას, სოფელ მერეთისა და კოშკას ზევით; მოუხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადასჭრის მდინარე ოთრეფას სოფ. ფლავისმანის ზევით და მდ. აძურას და მეჯუდას.“ საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის მწვავე პროტესტის მიუხედავად, 40 ქართული სოფელი ხელოვნურად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის შემადგენლობაში მოექცა, მათ შორის პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე არსებული სოფლები. 2015 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული მოსახლეობის ოფიციალური აღწერის მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ოთხ რაიონად დაიყო. ესენია: ცხინვალის, ლენინგორის (ახალგორის), ზნაურის (ყორნისი) და ჯავის. პატარა ლიახვის ხეობის ის სოფლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ოკუპირებულია, ცხინვალის რაიონში შევიდა და რამდენიმე სასოფლო ადმინისტრაციულ ერთეულს მიაკუთვნეს, არაერთ ქართულ სოფელს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სახელი გადაერქვა, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა ცხოვრების კვალის წაშლის მცდელობაა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია