მეფედ კურთხევის შესახებ XI საუკუნის საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
საქართველო, მეფე ბაგრატ III, გიორგი IIრეზიუმე
978 წელს ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი, მომავალი მეფე ბაგრატ III, ქუთაისში „აფხაზთა მეფედ“ აკურთხეს. 1001 წელს ბაგრატ III-მ „ქართველთა მეფის“ ტიტულიც მიიღო. ჩვენი აზრით, აფხაზთა სამეფოშიც და ქართველთა სამეფოშიც იარსებებდა მეფედ კურთხევის ცერემონიალი. ამიტომ ბაგრატ III-ის ორჯერ კურთხევა, 978 წელს აფხაზთა მეფედ და 1001 წელს ქართველთა მეფედ სრულიად დასაშვები გვგონია. შესაძლოა კახეთისა და ჰერეთის საბოლოოდ შემოერთების შემდეგ, 1010 წელს, ბაგრატ III კიდევ ერთხელ ეკურთხა მეფედ, ოღონდ ამჯერად ტიტულით „აფხაზთა და ქართველთა მეფეი, ტაოჲსა და რანთა, კახთა“.
ბაგრატ III-ის შემდეგ გიორგი I-სა და ბაგრატ IV-ის რამდენჯერმე მეფედ კურთხევა სავარაუდოდ აღარ მოხდებოდა. სიტუაცია იცვლება გიორგი II-სთან დაკავშირებით. როდესაც 1054 წელს მეფე ბაგრატ IV ბიზანტიაში წავიდა, გიორგი II რუისში მეფედ აკურთხეს ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივით.
გიორგი II-ის რუისში კურთხევა არაორდინალური იყო და არც თუ სასიამოვნო ბაგრატიონთათვის. სავარაუდოდ გიორგი II-ს არ სიამოვნებდა მეფედ კურთხევის ამ ცერემონიალის გახსენება და ცდილობდა დაევიწყებინა. ცდილობდა დაევიწყებინა არა მხოლოდ თავად, არამედ უნდა „დაევიწყებინა“ საზოგადოებასაც, ფეოდალურ ელიტას პირველ რიგში. ამიტომ ვფიქრობ, რომ 1072 წელს ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ გიორგი II ხელახლა უნდა ეკურთხებინათ მეფედ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში.
სავარაუდოდ გიორგი II-ის 1072 წელს ქუთაისში ხელმეორედ მეფედ კურთხევიდან ჩაეყარა საფუძველი ორჯერ მეფედ კურთხევის ტრადიციას.