ისევ „კლიტენი იერუსალჱმისანი“-ს შესახებ
საკვანძო სიტყვები:
ქრისტეს საფლავი, დასავლეთის მხარეს გაჭრილი შესასვლელი, კარის ჩარჩო, ქერუბიმირეზიუმე
2021 წლის „მაცნე“-ს პირველ ნომერში დაიბეჭდა სტატია ქრისტეს საფლავის ტაძრის იმ შესასვლელის შესახებ, რომელსაც XIV-XVI საუკუნეებში ქართული სამონასტრო თემი ფლობდა. „ძეგლი ერისთავთა“-ს მიხედვით, ამ კარს „კლიტენი იერუსალჱმისანი“ ერქვა. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა აზრი, რომ ეს იყო სამხრეთის მხრიდან გაჭრილი ეკლესიაში შესასვლელი მთავარი კარი. მაგრამ, საბუთებისა და წყაროების ცნობებზე დაკვირვების შედეგად, ავტორი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქართველთა მფლობელობაში იყო არა სამხრეთის, არამედ დასავლეთის მხარეს გაჭრილი, დღეისათვის მივიწყებული კარიბჭე.
პანდემიის გამო მაშინ კარის ნახვა ვერ მოხერხდა და ავტორის მიერ დასკვნები მხოლოდ ვარაუდის სახით გამოითქვა. 2022 წელს მას მიეცა შესაძლებლობა ეს კარი თავადვე ენახა, რამაც ახალი, დღემდე სრულიად უცნობი ინფორმაცია წარმოაჩინა.
1808 წლის ხანძრის შემდეგ ამოშენებულ კარს დღეს „ქალწული მარიამის თაღი“ ჰქვია. დროთა ვითარების მიუხედავად, შესასვლელის ჩარჩო მეტნაკლებად შემონახულია. კერძოდ, თაღის ზოლური მოჩარჩოება, „ბალიშისებრი“ დეკორი, ორი სვეტი (თავდაპირველად, კარს, სავარაუდოდ, ოთხი სვეტი ჰქონდა) და მესამე სვეტის კაპიტელის (სვეტისთავი) ზედა
ნაწილი დღესაც ადგილზეა.
გადარჩენილი ორი სვეტიდან ერთი სრულიად განძარცვულია. ნიშნები კი სწორედ მეორე, თავის პერანგიანად დღემდე შემორჩენილ, თავის დროზეც აშკარად მთავარ სვეტზეა შესრულებული. ეს არის 1. ღრმად ამოტვიფრული ქართული „სანი“ და „ფარი“, რომლებიც, ავტორის აზრით, სიტყვა „საფლავის“ დაქარაგმებული სახეა და 2. მეტად მკრთალად შემორჩენილი, ანთებული კელაპტარით ხელში გამოსახული ქერუბიმი.