ვარდანისძეთა წარჩინებული გვარის უცნობი გამოსახულებები ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტრის XIV საუკუნის მოხატულობაში

ავტორები

  • ნინო ჩიხლაძე თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-3133-7330

საკვანძო სიტყვები:

ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერი, შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა, XIV ს-ის ისტორიულ პირთა პორტრეტები, ვარდანისძე-გურიელი

რეზიუმე

სტატიაში განხილულია შუა საუკუნეების საქართველოს მძლავრი ფეოდალური გვარის, ვარდანისძეების გუარიაში დამკვიდრებისა და შესაბამისად, გურიელობის მიღების საკითხები ჯუმათის მონასტრის მოხატულობაში იდენტიფიცირებული პორტრეტების შუქზე. ვარდანისძეები X-XI საუკუნეთა მიჯნიდან ვიდრე XIV საუკუნის დასაწყისამდე სვანთა ერისთავები იყვნენ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ვარდანისძეებს სვანთ ერისთაობა ჩამოერთვათ და გურია გადაეცათ სამართავად 1361 წელს, თუმცა თარიღის XIV საუკუნის პირველ ნახევარში გადატანასთან დაკავშირებით არსებობს ისტორიკოსთა დასაბუთებული მოსაზრება. მხატვრული სტილის ანალიზის საფუძველზე, XIV საუკუნის პირველი ნახევარით თარიღდება გურიაში, ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის ის მოხატულობაც, რომელშიც ვარდანისძეთა საგვარეულოს საამაყო წინაპრის, ვარდანისძე ვარდან „დიდის“ მემორიალური პორტრეტის იდენტიფიცირება მოხდა საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის 2022 წლის ექსპედიციის დროს.
XIV საუკუნის პირველ ნახევარში წინაპრის პორტრეტის გამოსახვის ინიციატორი, ცხადია, ვარდანისძეთა გვარის გურიის ერისთავი ის გურიელი იქნებოდა, რომელსაც, ეკლესიაში, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კედელზე, საკურთხეველთან სიახლოვეს გამოსახავდნენ. მხატვრობა, სამწუხაროდ, ეკლესიის გვიანდელმა მოხატულობამ და არქიტექტურის გადაკეთებებმა შეიწირა, თუმცა ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილში XIV საუკუნის პირველი ნახევარის მხატვრობის ფენაზევე შემორჩენილია
ბერისა და მონაზვნის უცნაური წყვილის საქტიტორო გამოსახულება. კომპოზიცია, რომელშიც წყვილს მაცხოვარი აკურთხებს, სამეფო ოჯახის ან ლოკალურ მმართველთა პირველი პირების პრივილეგიას წარმოაჩენს. ამიტომ ბერი და მონაზონი, რომლებიც, ქალის წარწერის ფრაგმენტის მიხედვით, ყოფილი მეუღლეები არიან, შესაძლოა გურიელები იყვნენ, ხოლო მათი ერთად გამოსახვის ინიციტორი ალბათ მათივე შვილი იქნებოდა. ჯუმათის მოხატულობის დამკვეთი შვილი, სავარაუდოდ, ბეშქენ
გურიელია, რომელიც თავის ვაჟთან, მიქელთან ერთად ვარდან ვარდანისძის წარწერიანი წმ. გიორგის XI ს-ის ცნობილი ხატის მოგვიანო წარწერაშია მოხსენიებული. შემონაზვნებული მამა კი შესაძლოა იყოს ზარზმის XIV ს-ის მოხატულობაში გამოსახული ბერი თანმდევი წარწერით - ერისთავთ ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმონ გურიელი. სავარაუდოდ, ის უნდა იყოს პირველი ვარდანისძე, რომელმაც სვანეთის საერისთავოს დაკარგვის შემდეგ გურიელობა მიიღო. ეს უნდა მომხდარიყო
XIII ს-ის მიწურულისა და XIV ს-ის დასაწყისს პერიოდში.
2016 წელს გურიაში მდებარე ერკეთის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში აღმოჩნდა ძველი კანკელის ფილის ფრაგმენტირებული წარწერა, რომელიც XII-XIII სს-ით დაათარიღეს. მასში ამოიკითხეს სუანთ ერისთავთ ერისთავი მიქელის სახელი, რომელიც სავარაუდოდ, მონასტრის ქტიტორი და შესაბამისად, გურიის განმგებელია. ამდენად, საფიქრებელია, რომ მიქელი ბერად აღკვეცილი სუანთ ერისთავთ ერისთავისა და მსახურთუხუცესი სუიმონ გურიელის საერო სახელი უნდა იყოს. ამ მოსაზრებას ირიბად ამყარებს ის ფაქტიც, რომ მის შესაძლო შვილიშვილსაც მიქელი ერქვა. ამდენად, გამოდის, რომ სვანეთიდან გურიაში გადმოსული ვარდანისძეთა გვარის პირველი გურიელები XIII ს-ის მიწურულსა და XIV ს-ის პირველ ნახევარში შეიძლება დავასახელოთ შემდეგი თანმიმდევრობით: მიქელ ყოფილი სუიმონი, ბეშქენი, მიქელი.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-08