საერობო ხმოსანთა არჩევნები ზუგდიდის მაზრაში (1920 წ.)
საკვანძო სიტყვები:
ზუგდიდის მაზრა, ხმოსანთა ყრილობა, საარჩევნო კომისია, საარჩევნო სიარეზიუმე
1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერობის რეფორმის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დანერგილიყო სამსაფეხურიანი საერობო სისტემა: მცირე საერობო ტერიტორიული ერთეული, სამაზრო და საგუბერნიო, ანუ საოლქო. ერობის არჩევნები საყოველთაო (განურჩევლად სქესისა), პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.
1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმი მუშაობას შეუდგა, მათ სასწრაფო წესით შექმნეს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისია. 18 თებერვალს დაარსდა ერობის შემომღები ინსტრუქტორის სამდივნო, რომელმაც დაიწყო სამაზრო საერობო კომისიების შექმნა. 1919 წლის 16 ოქტომბერს ზუგდიდის გამგეობის თავმჯდომარე ლეო შენგელაია თანამდებობიდან გადადგა, ამასთან ზუგდიდის გამგეობამ საქართველოს მთავრობას სთხოვა ზუგდიდის მაზრაში ხმოსანთა ახალი არჩევნები ჩაეტარებინა.
1920 წლის 25 იანვარს, ზუგდიდის მაზრაში რიგით მეორე საერობო არჩევნები ჩატარდა.
ზუგდიდის მაზრაში რეგისტრირებული იყო 65 728 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა 20 841 ამომრჩეველმა მიიღო. გაბათილებულ იქნა 19 ბიულეტინი.
პოლიტიკურ პარტიებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - 10 436 ხმა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 2 890 ხმა; საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია - 5 863 ხმა; საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია - 1 633 ხმა.