ახ.წ. IV-VII საუკუნეების სამშენებლო კერამიკა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან

ავტორები

  • თამაზ დარჩიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი https://orcid.org/0000-0003-1835-941X

საკვანძო სიტყვები:

ადრეშუასაუკუნეები, სამშენებლო კერამიკა, სამხრეთ- დასავლეთ საქართველო

რეზიუმე

სტატიაში განხილულია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლის ძეგლებზე 2015-2020 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ახ.წ. IV-VII საუკუნეების სამშენებლო კერამიკა. საუბარი შეეხება სამშენებლო კერამიკის, როგორც არქეოლოგიური წყაროს მნიშვნელობას. ცნობილია, რომ კერამიკული ნაწარმის ეს ჯგუფი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ადგილობრივ კულტურულ იდენტობაზე და იგი მნიშვნელოვანია ურბანული ფორმების კვლევის თვალსაზრისითაც. ნაშრომში ვეხებით პეტრა-ციხისძირში, გონიო-აფსაროსსა და ავგიის ნაეკლესიარის ტერიტორიაზე ბოლო დროს აღმოჩენილი სამშენებლო კერამიკის ძირითად ჯგუფებს, მათ ძირითად მახასიათებლებს, გამოყენების სფეროს, დამზადების ადგილებსა და ტექნიკას. სამუზეუმო ფონდებში დაცული მასალების შესწავლის საფუძველზე მოხერხდა გვერდებაკეცილი ბრტყელი კრამიტების ძირითადი ადგილობრივი ტიპებისა და ფორმების განსაზღვრა და მათი შედარება თანადროულ მასალებთან. საკვლევ რეგიონში აღმოჩენილი გვერდებაკეცილი ბრტყელი კრამიტების ტიპოლოგიის განსაზღვრისას ჩვენ ძირითადად დავეყრდენით მკვლევართა მიერ უკვე გაზიარებულ პრინციპებს: - ნიმუშები დავაჯგუფეთ კრამიტის გვერდის ფორმებისა და ზომების მიხედვით. ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია ისეთი გამოკვეთილი ნიშან-თვისებები, როგორიცაა კეცის ფერი, სტრუქტურა და ზომები. ამ მახასიათებლების გათვალისიწინებით გამოიყო ორი ჯგუფი და ოთხი ძირითადი ტიპი: I ტიპი - მაღალგვერდიანი მართკუთხა კრამიტები; II ტიპი - დაბალგვერდიანი მართკუთხა კრამიტები; III ტიპი - სწორგვერდა ბლაგვკუთხა კრამიტები; IV ტიპი - გადაზნექილი გვერდის მქონე ბლაგვკუთხა კრამიტები. შესწავლილ ნიმუშებს შორის განსხვავებულია აკეცილი გვერდის მოყვანილობა, კეცის შეფერილობა, სტრუქტურა და ზომები, რაც მათი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახელოსნოში დამზადების მანიშნებელია. ჩვენ მიერ გამოყოფილ ცალკეულ ტიპებსა და ფორმებში გაერთიანებული კრამიტების საერთო ნიშანთვისებები ერთმანეთის მსგავსია. ვფიქრობთ, რომ მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმი უნდა იყოს. არქეოლოგიური მასალის დამუშავების შედეგად გაკეთებულია დასკვნები სამშნებლო კერამიკის ცალკეული ტიპის დათარიღებასთან დაკავშირებით.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09