დოკუმენტები წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის შესახებ საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებში

ავტორები

  • არჩილ კოხრეიძე ისტორიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი https://orcid.org/0000-0001-5938-1109
  • ნათელა მირიანაშვილი ისტორიის დოქტორი საქართველოს ეროვნული არქივი. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის განყოფილების უფროსი https://orcid.org/0000-0002-5087-0042

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, საერთაშორისო, წითელი ჯვარი, საზოგადოება ნახევარმთვარე

რეზიუმე

დღეისათვის, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად ცდილობს დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში, გააძლიეროს ეკონომიკა, დაამყაროს მთელ რიგ ქვეყნებთან მჭიდრო საქმიანი კავშირები, მოიზიდოს ინვესტორები და ტურისტები, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი საარქივო მასალის გამოვლენა-გამოქვეყნება, რომელიც ასახავს საქართველოს წითელი ჯვრის ისტორიას მეოცე საუკუნის 20-ანი წლებში. აღნიშნულ თემაზე დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივში. მათი გაცნობა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ საქართველოს ოკუპაციის პირველ წლებში მიმდინარე პროცესები. იდეოლოგიიდან გამომდინარე საბჭოთა ისტორიოგრაფია ნაკლებ ყურადღებას იჩენდა ამ საკითხებთან მიმართებაში.ეს დოკუმენტები გვეხმარება გავაშუქოთ საკვლევი პრობლემის განვითარების ძირითადი ეტაპები, შევისწავლოთ ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, შედარებითი დახასიათება მოვახდინოთ როგორ რეგულირდებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობა საბჭოთა პერიოდში და როგორი იყო ცენტრის (ანუ საკავშირო მთავრობის) როლი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას საფუძველი ჩაეყარა 1863 წელს შვეიცარიელი მოქალაქის ანრი დიუნენის ინიციატივით, ერთი წლით ადრე მან გამოაქვეყნა წიგნი „სოლფერინოს სუვენირი“, სადაც ითხოვდა მშვიდობიან დროს ყველა ქვეყანაში მოხალისეთა ჯგუფის შექმნას, რომლებიც აღმოუჩენდნენ დახმარებას საომარ მოქმედებებში დაჭრილ ჯარისკაცებს. 1863 წლის 17 თებერვალს შეიკრიბა ხუთი წევრისაგან (შვეიცარიელი მოქალაქეები ა. დიუნანი, ჰ. მუანიე, გ. დიუფერი, ლ. აპია და ტ. მონუარი) შემდგარი კომიტეტი ანრი დიუნენის წინადადების განსახილველად. კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ დიუნანის წინადადებაზე სამოქალაქო დახმარების საზოგადოებების შექმნის თაობაზე. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ერთიანი განმასხვავებელი ემბლემის მიღება, რომლის გამოყენებაც კანონით იქნებოდა მხარდაჭერილი, ემბლემა უნდა ყოფილიყო მარტივი, შორიდან აშკარად ხილული, ყველასთვის ცნობილი და ერთნაირად მისაღები როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე მტრებისთვის. 1863 წლის 26 ოქტომბერს დაინიშნა პირველი საერთაშორისო კონფერენცია.
მას 14 ქვეყნის დელეგატი ესწრებოდა. მიღებულ იქნა ათი რეზოლუცია, რომელიც არეგულირებდა საზოგადოებების შექმნას დაჭრილი ჯარისკაცების დასახმარებლად. კონფერენციამ ასევე მიიღო წითელი ჯვრის ემბლემა თეთრ ველზე, როგორც ერთი განმასხვავებელი ემბლემა. 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან
მოსახლეობაზეც გავრცელდა. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ, როგორც უკვე ავღნშნეთ შეირჩა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია). 1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვეყნებისათვის. შემდგომში ამ ორგანიზაციების საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც
გავრცელდა.
საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შორის რომელიც ხელს შეუწყობდა დამოუკიდებლობის განმტკიცებას იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დაარსება. ეს საქმე ითავა ექიმმა მიხეილ ზანდუკელმა, რომელიც დაკავებული იყო რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების საქმეების ლიკვიდაციით. მ. ზანდუკელმა მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნ. ჟორდანიას, სადაც დაწვრილებით აღწერა წითელი ჯვრის დაარსების საჭიროება საქართველოში. მთავრობამ განიხილა მიხეილ ზანდუკელის წინადადება და 1918 წლის 16 ივლისს მიიღო დადგენილება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დაარსების თაობაზე, რომელსაც უნდა ჩაებარებინა საქართველოში დარჩენილი რუსეთის წითელი ჯვრის ქონება. მთავრობამ აგრეთვე დაავალა მ. ზანდუკელს შეემუშავებინათ ახალი წესდება,
დებულება, ინსტრუქციები და გამოეძებნათ ის საშუალებანი და წყაროები, რომელნიც უზრუნველყოფდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების არსებობას. საქართველოს წითელ ჯვარს საქართველოს მთავრობა განიხილავდა სამხედრო-სანიტარულ ნაწილის დამხმარე საზოგადოებად, ის ხელმძღვანელობდა იმ პრინციპებით, რომელებიც სხვადასხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის საზოგადოებებს ერთ საერთაშორისო კომიტეტში აერთიანებდა. გასაბჭოების შემდეგ 1922 წლის 4 მარტს საქართველოს რევკომმა მიიღო დადგნილება N164 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ. საქართველოს წითელი ჯვარი წყვეტს დამოუკიდებელ არსებობას და ექვემდებარება ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატს. სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1928 წლის 9 მაისის დადგენილებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელწოდება - საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოება შეიცვალა სახელწოდებით - სრუალიად საქართველოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება და უფლება მიეცა სრულიად საქართველოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევრმთვარის საზოგადოების ემბლემად გამოეყენებინა სწორკუთხა წითელი ჯვრისა და წითელ ნახევარმთვარის ნიშანი თეთრ ველზე. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფონდი, ასევე საზოგადოებაზე მასალები გაფანტულია სხვადასხვა ფონდებში. ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია ისეთი დოკუმენტები, რომლებიც თვალნათლივ გვიჩვენებენ თუ როგორ ვითარდებოდა წითელი ჯვრის საზოგადოების ისტორია XX საუკუნის პირველ მესამედში. ქვემოთ მოგვყავს ამ დოკუმენტების მცირე ნაწილი. პუბლიკაციაში გამოყენებულია საისტორიო და არქეოგრაფიული მეთოდები;
არქეოგრაფიული მეთოდს განსაზღვრავს კვლევის მიზანი და მის ფარგლებში გამოვლენილი და თემატურად შერჩეული დოკუმენტები. გამოვლენილია და არსებული არქეოგრაფიული და პალეოგრაფიული წესების დაცვით შესწავლილია სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები, თითოეულ დოკუმენტზე შედგენილია საინფორმაციო ჩანაწერი: ჩანაწერი შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: წყაროს შინაარსი, შედგენის თარიღი და ადგილი, ავტორი, ტექსტის გადმოცემის თავისებურებანი; დოკუმენტების შერჩევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ისტორიულობისა და ობიექტურობის პრინციპები. ისტორიულობის პრინციპი მოითხოვს დოკუმენტის, როგორც კონკრეტულ ისტორიული ეპოქის პროდუქტის განხილვას. ტექსტის გადმოცემისას გამოყენებულია დიპლომატიური და სამეცნიერო-კრიტიკულ ხერხსები; დიპლომატიური ხერხი გულისხმობს დოკუმენტის დედანში მოცემული მთელი რიგი ელემენტების - ბლანკი, საკუთარი სახელები, ტრანსკრიპციები, გეოგრაფიული ტერმინები და სხვ. ზუსტ გადმოცემას, ხოლო სამეცნიერო-კრიტიკული ხერხი გამოიხატება დოკუმენტის სტილისტური და ენობრივი თავისებურების შენარჩუნებით თანამედროვე ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის დაცვაში. ვვარაუდობთ, რომ კვლევის შედეგად თავმოყრილი დოკუმენტებიდან მიღებული ინფორმაცია დააინტერესებს საზოგადოების ფართო წრეებს, ვინაიდან ფაქტიურად დღემდე მასალათა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. ეს კი ქართულ საისტორიო მეცნიერებას, მთლიანად საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციას გაამდიდრებს ახალი ცოდნით, ახალი ფაქტობრივი მასალით. ასეთი კვლევის შედეგები დაეხმარება არა მარტო სპეციალისტებს, არამედ დახმარებას გაუწევს საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებს, დიპლომატებს, საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს. კვლევის შედეგები საინტერესო იქნება ახალგაზრდა
თაობისათვის - ეს გააძლიერებს ინტერეს ისტორიისადმი, ხელს შეუწყობს ახალი სამეცნიერო-კვლევითი პრობლემების ფორმირებას, სადისერტაციო ნაშრომების შერჩევას და მათ განხორციელებას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია