კოლხური ენა და კოლხური ბრინჯაოს კულტურა

ავტორები

  • ნინო სულავა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0009-2684-2111

საკვანძო სიტყვები:

კოლხური ბრინჯაოს კულტურა, მეგრულ-ლაზური, კოლხური ენა

რეზიუმე

ამ ნაშრომის ინსპირაციაა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მცირე მოცულობის, მაგრამ შესანიშნავი სტატია, რომელიც ეძღვნება ძველი კოლხეთის ეთნიკურ იდენტიფიკაციას.
სტატიაში დასმული შეკითხვისთვის - ,,რა ენაზე მეტყველებდა მეფე აიეტი? რა მოსახლეობა დახვდათ კოლხეთში არგონავტებს’’, შესაძლებელია როგორც პარალელური არქეოლოგიური მონაცემების მისადაგება, ასევე, კოლხეთში არსებული მატერიალურ-კულტურული ვითარების და არგონავტების მოგზაურობის ქრონოლოგიისა თუ გარემოებების საკითხის.
არგონავტების ლაშქრობის დროს, მიკენურ ეპოქაში, კოლხეთში არსებობს ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარითა და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული ,,კოლხური ბრინჯაოს კულტურის” სახელით ცნობილი, დასავლეთ საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ დამკვიდრებული კულტურა ზანურენოვანი (მეგრულ-ჭანური) მოსახლეობის ეთნიკური მასით.
თ. გამყრელიძის აზრით, ბერძნების მოსვლის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო დიალექტი - მეგრულ-ლაზურის წინაპარი, რომელზედაც ტყავი აღინიშნებოდა ტყოვ-ტკოვ ფორმით; ხოლო ბერძნები ტყავის აღსანიშნავად იყენებდნენ კოვ-ს. ეს სიტყვა, რომელსაც ბერძნულში არ ეძებნება ინდოევროპული შესატყვისი და ბერძნულისთვის უცხო ენობრივი სამყაროდან აღებულად უნდა ჩაითვალოს, ბერძნებმა უთუოდ შეითვისეს იმ ქვეყანაში, რომელთანაც ქონდათ კონტაქტი, და სადაც
გავრცელებული იყო ცხვრის ტყავის კულტი.
ჩვენის აზრით კი, ცხვრის ტყავის კულტი დაკავშირებულია ბერძნების იმ ინტერესთან, რაც სტრაბონის მიხედვით აისახა არგონავტების მოგზაურობის მიზანში - ,, . . . ამ ქვეყნის (კოლხეთის) სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით გვიხსნის /არგონავტთა/ ლაშქრობის სწორ საბაბს. ამ მიზნით პირველი მგზავრობა ფრიქსემ მოაწყო . . .’’. ეს ინტერესი
- ლითონები, მეტალურგია, იყო ის, რითიც კოლხეთი, კავკასიის ერთადერთი, ისტორიულ წყაროებში სახელდებული და ბერძნული მითოლოგიური თემებით (არგონავტიკა, პრომეთეს მითი) ცნობილი ქვეყანა, გაიცნო თანადროულმა გარესამყარომ.
არგონავტების მითში, მთავარი პერსონაჟების გარდა, არის ორი მნიშვნელოვანი პერსონაჟი საკულტო ცხოველის სახით, რომელიც საინტერესოა კოლხურ ბრინჯაოს კულტურასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული საკულტო მნიშვნელობის ცხვრის ტყავი, ოქროს საწმისი და ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი.
კოლხეთის არქეოლოგიურ მასალაში მრავლად მოიპოვება ორივე ცხოველის ამსახველი მასალები.
ბრინჯაოს ვერძის ფიგურები/ცხვრის გამოსახულებები წარმოდგენილია, როგორც მთლიანი ქანდაკებების სახით ასევე საკიდებისა და სხვა ნივთებისათვის ,,ცხვრის თავით’’ დამატებითი შემკულობის სახით (მარტვილი, ხარაგოული, ბრილი, სვანეთი).
გველეშაპი კი ,,კოლხურ ბრინჯაოს კულტურაში’’ ფართოდ გავრცელებული ,,ფანტასტიკური ცხოველის’’, მცველის ერთ-ერთი სახეა (ნ. მარი, ბ. კუფტინი, ნ. აბაკელია, ნ. სულავა, ნ. ლორთქიფანიძე), რომელიც გამოსახულია კოლხური ბრინჯაოს კულტურის თითქმის ყველა ნივთზე - კოლხური ცულიდან დაწყებული ფიბულებით დამთავრებული.
კოლხური ბრინჯაოს კულტურის მატარებლების ყოფა, გაცხადებული საკულტო ცხოველებში, აისახა ბერძნულ მითში.
ამ არტეფაქტების მიხედვით გარკვეული საყრდენები დაემატა მკვლევარის მოსაზრებას ანუ ეთნიკურ იდენტიფიკაციას - ,,მედეა და აიეტი, აიას ქვეყნის ხალხი მეტყველებდა მეგრულ-ლაზურის წინაპარ, კოლხურ ენაზე. სახელი, კოლხური, მართებულად უწოდა ამ წინაპარ ენას აკაკი შანიძემ’’.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25