დავით IV აღმაშენებელი და კახეთ-ჰერეთის სამეფო
საკვანძო სიტყვები:
დავით აღმაშენებელი, ჰერეთი, კახეთი, სამეფორეზიუმე
დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მისი ურთიერთობა კახეთ-ჰერეთის სამეფოს მმართველ ელიტასთან. კახეთ-ჰერეთის სამეფო მდებარეობდა საქართველოს სამეფოს აღმოსავლეთით და წარმოადგენდა მეორედ ყველაზე ვრცელ ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც მისწრაფება ჰქონდა ყოფილიყო ლიდერი ქართულ სამყაროში. დავით აღმაშენებლის მიზანი იყო კახეთ-ჰერეთის სამეფოდან მომავალი რისკები აღეკვეთა და ეს ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემადგენელ ნაწილად
გადაექცია.
აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან დავითის პოლიტიკა კახეთ-ჰერეთის სამეფოსთან მიმართებაში ბევრ კითხვას აჩენს. ის ფაქტი, რომ ორი ქართული სამეფოს არსებობა ქართულ სამყაროში ადრე თუ გვიან მათი გაერთიანებას დააყენებდა დღის წესრიგში უდავოა. ასეთი იყო XI საუკუნის რეალობა, დავითის ზეობის დასაწყისში. როგორც ცნობილია, დავითმა შეძლო კახეთ-ჰერეთის დაკავება; მაგრამ, რა ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ამ მოვლენას? როგორ აღიქვამდა ქართული პოლიტიკური ელიტა
დავითის ქმედებას, როგორც გაერთიანებას თუ დაპყრობას? რამ შეუწყო ხელი და რა მიზეზები განაპირობებდა კახეთ-ჰერეთის შემოერთებას, რამაც დავითის დროს სტაბილურად უზრუნველყო კახეთ-ჰერეთის ერთიან საქართველოში ინტეგრაცია? – ძირითადად, ეს საკითხები იქნება ჩვენი დაკვირვების მთავარი ობიექტი.
დავითის პოლიტიკის შესწავლა კახეთ-ჰერეთის სამეფოსთან მიმართებაში უნდა მოხდეს კომპლექსური ანალიზის მეთოდის გამოყენებით.
შესაბამისად, აუცილებელია თანადროული ნარატიული წყაროების, ნუმიზმატიკისა და ეპიგრაფიკის გათვალისწინება. მიღებული დასკვნები კი დაფუძნებულია დავითის ნაშრომზე, თანამედროვეთა შეხედულებებსა და პოლიტიკური ვითარების ჩვენეულ მიმოხილვაზე. დავითის ლეგიტიმიზმი დამყარებული იყო თავისი წინაპრის, ბაგრატ III-ის პოლიტიკაზე, რომელმაც კახეთ-ჰერეთის სამეფო მცირე ხნით შემოიერთა. ჩვენი აზრით, დავითს ჰქონდა საამისო კიდევ ერთი მიზეზი, თავისი დედა, სავარაუდოდ, გახლდათ კახეთ-ჰერეთის მეფის ასული.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თავისი თანამედროვე დავითის ქმედებას დაპყრობად აფასებდა, კახეთ-ჰერეთის შემოერთება სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინაიდან მათ გაიჩინეს ძლიერი მფარველი აგრესიული მუსლიმი მეზობლების წინააღმდეგ.