სარწმუნო დადასტურება ანდრია მოციქულის ქართველთა ქვეყანაში მოღვაწეობის თაობაზე

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ანდრია მოციქული, ხატი, სოსანგეთი

რეზიუმე

საისტორიო თხზულების თანახმად, ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით ქართულენოვან სამყაროში მიმოსვლისას, არამეულენოვანი ანდრია მოციქული სოფელ საქრისში კერპთაყვანისმცემელთა ტაძრის სიახლოვეს დაბინავებულა, რომელ ტაძარშიც, ჟამთააღმწერელის ცნობით, არტემიდეს და აპოლონის კერპები მდგარა, სადაც ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა იქადაგა და ღმრთისმშობლის ხატის სასწაულებრივი ძალმოსილების შეწევნით, სამცხის მთავარს ვაჟიშვილი გაუცოცხლა, რომელ დასახლებულ პუნქტსაც სოსანგეთი ეწოდა, ნაცვლად მანამდე არსებული ტოპონიმისა საქრისი.
დასახლებული პუნქტის სახელწოდება სოსანგეთი ბერძნულენოვან წყაროებში მოიხსენიება, როგორც სუსანია, რომელიც მომდინარეობს შროშანად წოდებული ყვავილის ბერძნულში შესული არამეული ნასესხობისგან (არამეული ფორმა šoošanna/šwšanna).
მოგეხსენებათ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სისპეტაკით გამორჩეული თეთრი შროშანა ქრისტიანთათვის სიწმინდის, ქალწულობის სიმბოლოა და მარადის ქალწული მარიამის სულიერ სამყაროს განასახიერებს.
ვფიქრობთ, ქართულად შედგენილ მატიანეში წარმოდგენილი ტოპონიმი სოსანგეთი საშუალო სპარსულიდან უნდა მომდინარეობდეს, მაგრამ მისი ეტიმონი, ანუ ამოსავალი ფორმა უნდა იყოს კომპოზიტი sōsangeti, რომელიც ლექსიკონებში წარმოდგენილია სავარაუდო კომპოზიტის კომპონენტებით sōsan „სოსანა“ [MacKenzie, 1986, გვ. 75] და gyty [ gētīy] *
„მატერიალურ სამყარო, მსოფლიო, წუთისოფელი“ [MacKenzie,, 1986, გვ. 36; Farevashi,, 2001, გვ. 220; Skærvø, 2007, გვ. 14]. ასე რომ, სოსანგეთი> *sōsangeti-ის მნიშვნელობად ივარაუდება „შროშანას/სოსანის სამყარო“.
ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, ტოპონიმი სოსანგეთი „შროშანას სამყაროს“ უნდა ნიშნავდეს. მოგეხსენებათ, მაცხოვარმა მოციქულები წარგზავნა, რათა მათ წარმართებისათვის ეცნობებინათ, რომ არსებობს მათთვის უცნობი სამყარო - სასუფეველი ღმრთისა.
ასეთნაირად, შროშანას/სოსანას სამყარო - სიწმინდის სიმბოლოს გათვალისწინებით - სოსანგეთი იმგვარი ადგილის სახელწოდება უნდა იყოს, სადაც აღარ ბატონობს არც ეშმაკი, არც ცოდვა და არც სიკვდილი. უეჭველია, ისეთი სივრცე, სადაც ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი სუფევს და სიკვდილი დაითრგუნა, ღმრთის მადლმოსილებით აღვსილი სამყაროა.
ამდენად, შესაძლებლად გვესახება ტოპონიმი სოსანგეთი ღმრთისმშობლის ხატის სასწაულებრივი ძალის გამოვლინების ადგილისათვის მარადისქალწული მარიამის სიმბოლოს, სისპეტაკით გამორჩეული, თეთრი შროშანას სამყაროს გამომხატველ ტოპონიმად მივიჩნიოთ.
ასე და ამრიგად, ადგილის სახელწოდება, სადაც არტემიდეს ტაძარი მდებარეობდა საქრისი, ღმრთისმშობლის ხატის სასწაულებრივი ძალის გამოვლინების შედეგად წმიდა მარიამის თაყვანისმცემელთა მიერ იცვლება ქალწულობის სიმბოლოს - ყვავილ შროშანას ამსახველი სამყაროს სახელწოდებით სოსანგეთი, რომელსაც ბერძნები თავის მხრივ სუსანია-ს უწოდებდნენ.
ასეთნაირად, წმიდა მარიამის საღმრთო ძალის გამოვლინების ადგილის სახელწოდების მიხედვით ირკვევა, რომ ქართულენოვან სამყაროში ქრისტიანული სიწმინდის აღმნიშვნელ ტერმინოლოგიას არამეულენოვანი სამყაროდან ქართველთა ქვეყანაში ქრისტიანული მოძღვრების საქადაგებლად მოღვაწე ქრისტეს რჯულის მიმდევარი ამკვიდრებს.
ამავდროულად, მნიშვნელოვნად გვესახება ის გარემოება, რომ ქრისტიანთათვის, წმიდანის გამოსახულების საშუალებით ღმერთთან გონებით მისაახლოებელი საგანი - ხატი, რომელიც სრულიად უცხო მოვლენა იყო წარმართული ქართულენოვანი სამყაროსათვის, არამეულ ენაზე khati - ჩემს და-ს ნიშნავს.
ამრიგად, საფიქრებელია, რომ ტერმინი ხატი, ხატზე გამოსახული წმიდანის მსაზღვრელი სიტყვა იყოს, რადგანაც ხატი წმიდანის თვისების გამომხატველი და მისი მადლით შემოსილი საგანია. ღმრთისმშობლის ჩემ და-დ მოხსენიების უფლება თავისი თავისათვის, მხოლოდ წმიდა მარიამის უახლოს პიროვნებას, მისდამი უაღრესი პატივისცემით განმსჭვალულ, ქრისტეს სწავლების მიმდევარს შეეძლო ეწოდებინა ანუ პირველი თაობის ქრისტიანს. ასეთები კი არამეულ ენაზე მეტყველი მოციქულები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ცხადია, ყოველივე თქმული ზედმიწევნით უნდა მიესადაგებოდეს საეკლესიო გადმოცემის თანახმად ქართულენოვან სამყაროში ღმრთისმშობლის ხატით მიმომავალ ანდრია პირველწოდებულს.
ასე რომ, ვფიქრობთ ღმერთთან გონებით მისაახლოებელ საგანს ქართულ ენაზე სახელი ხატი არამეულ ენაზე მეტყველი პიროვნების მიერ ჩემი და - მარადისქალწული მარიამის მოხსენიების შესაბამისად ეწოდა და ასეთნაირად, ლექსემა ხატი ღმერთთან გონებით მისაახლოებელი საგნის აღმნიშვნელ ტერმინად ღმრთისმშობლის ხატის ქართველთა ქვეყანაში მობრძანების პერიოდში უნდა დამკვიდრებულიყო ქართულ ენაში.
მაშასადამე, ვინაიდან, წმიდანთან გონებით მისაახლოებელ საგანს ქართულენოვან სამყაროში მოსახლე ქრისტიანებმა ღმრთისმშობლის მსაზღვრელი სიტყვა ხატი უწოდეს, ნათელია, რომ ქართველთა წინაპრები ხატს უწინარეს ყოვლისა წმიდა მარიამის ხატით ეზიარნენ. ამდენად, ცხადია, ჩვენს სამშობლოში ხატთაგან თავდაპირველად ღმრთისმშობლის ხატი
მოუსვენებიათ.
უეჭველია, ანდრია მოციქულის ქართულენოვან სამყაროში მიმოსვლისას ღმრთისმშობლის ხატის სასწაულებრივი ძალის გამოვლინების ადგილის, ღმრთისმშობლის სიმბოლოს - ყვავილთა შორის სისპეტაკით გამორჩეული თეთრი შროშანას სამყაროდ მოაზრებული არეალის შესაბამისი ტოპონიმით სოსანგეთი მოხსენიება და მაცხოვრის ანდა წმიდანის გამოსახულების
საშუალებით უზენაესთან გონებით მისაახლოებელი საგნის სახელწოდება ხატი არამეულ ენაზე მეტყველი ანდრია პირველწოდებულის ქართველთა ქვეყანაში მოციქულთა პერიოდში მოღვაწეობის ისტორიულ ფაქტს უნდა ასახავდეს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია