სპილენძის მეტალურგია ძველ კოლხეთში და წერილობითი წყაროები
საკვანძო სიტყვები:
ძველი კოლხეთი, მეტალურგია, სპილენძის წარმოება, წერილობითი წყაროებირეზიუმე
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხეთში არქეომეტალურგიის ძეგლები - ქურა-სახელოსნოები, რომლებიც მთელი კოლხეთის არეალზე იყო აღმოჩენილი XX საუკუნის 60-70-იან წლებში, სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეული იყო რკინის მეტალურგიის ძეგლებად. შესაბამისად, წყაროებში, ლიტერატურულ ცნობებსა და მითებში მოძიებული იყო რკინასთან დაკავშირებული
ცნობები.
XXI საუკუნის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდა თანამედროვე საბუნებისმეტყველო კვლევებზე დაყრდნობით წინა საუკუნეში გამოვლენილი და შესწავლილი არქეომეტალურგიის ძეგლების მონაცემების გადამოწმება, რის შედეგადაც რკინის მეტალურგიის ძეგლებად მიჩნეული ქურა-სახელოსნოების დიდი უმრავლესობა სპილენძის მეტალურგიას მიეკუთვნა.
არქეოლოგიურ მონაპოვარს ეხმიანება წერილობით წყაროებში დაცული მონაცემებიც. ცნობილია, რომ ისტორიული საქართველოს ტერიტორაზე, კერძოდ, ძველ კოლხეთში მეტალურგიის განვითარების, სახელდობრ, ბრინჯაოს, რკინის, თითბრის, ოქროს, ვერცხლის მოპოვებისა და დამუშავების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ძველაღმოსავლური, ანტიკური, ბიზანტიური, ძველსომხური დოკუმენტური, ნარატული თუ ლიტერატურული ძეგლები. ამჯერად განვიხილავთ მხოლოდ ძველაღმოსავლურ და ანტიკურ წყაროებში დაცულ ცნობებს საკუთრივ სპილენძის წარმოების შესახებ ძველ კოლხეთში.