საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კორპუსი და სამეთაურო შემადგენლობა 1918 წელს
საკვანძო სიტყვები:
World War I, Caucasus Army, Democratic Rebublic of Georgia, Military Officer, General Staff, Social-Democratic Party, People’s Guardრეზიუმე
I მსოფლიო ომის დასაწყისიდან რუსეთის კავკასიის არმიას კავკასიის მეფისნაცვალი, გენერალ-ადიუტანტი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი სარდლობდა, მისი მოადგილე ინფანტერიის გენერალი ალექსანდრ მიშლაევსკი იყო, არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა კი, ცარისტული გენერალიტეტის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, გენერალ ლეიტენანტ (1915 წლიდან ინფანტერიის გენერალი) ნიკოლაი იუდენიჩს ეკავა, რომელიც სულ მალე მოექცა კიდეც რუსეთის კავკასიის არმიას სათავეში. 1917 წლის მარტიდან, ცარიზმის დამხობის შემდეგ, გენერალმა იუდენიჩმა, როგორც დაჯერებულმა მონარქისტმა, არ აღიარა დროებითი
მთავრობა და გადადგა. 1917 წლის ივნისიდან იგი გენერალმა მიხაილ პრჟევალსკიმ შეცვალა, ხოლო თავის მხრივ გენერალი პრჟევალსკი - თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა რუსმა გენერალმა ევგენი ლებედინსკიმ, რომელიც ფრონტს 1918 წლის იანვარ-მაისში სარდლობდა.
საქართველოსა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების რთული და არაერთგვაროვანი პროცესი ფაქტიურად 1917 წლის ბოლოდან იწყება, მას შემდეგ, რაც რუსეთში ავანტიურისტული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სადავეები ბოლშევიკებმა იგდეს ხელთ. საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით, მათ დიდი პროპაგანდისტული მუშაობა გააჩაღეს I მსოფლიო ომის ფრონტებზე მებრძოლი რუსული არმიების პირადი შემადგენლობის რევოლუციურ რელსებზე გადასაყვანად. ომიდან გამოსვლის მიზნით კი, სეპარატისტული საზავო მოლაპარაკებები დაიწყეს ოთხთა კავშირის წევრებთან, რაც რუსული ფრონტების დეზინტეგრაციის ფონზე მიმდინარეობდა.
მართალია, I მსოფლიო ომის რუსეთის ფრონტებზე რღვევის პროცესები ჯერ კიდევ თებერვლის რევოლუციის პერიოდიდან იწყება, ე.ი. აპრილის თვიდან, მაგრამ 1917 წლის ბოლოდან ამ მოვლენებმა განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. I მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტის მსგავსად, რუსეთის კავკასიის ფრონტმაც იწყო რღვევა და მისი შენარჩუნებისათვის ფრონტის სარდლობის წინაშე ეროვნულ პრინციპზე აგებული შეიარაღებული ძალების შექმნის ამოცანაც დადგა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ,,კავკასიის მოხალისეთა ინტერნაციონალური არ მიის“ შექმნას. ამ დროისათვის კავკასიის არმია რეალურად ორი, სომხური და ქართული საარმიო კორპუსებით იყო წარმოდგენილი, თუმცა, ,,კავკასიის მოხალისეთა ინტერნაციონალური არმიის“ შემადგენლობაში ნომინალურად აზერბაიჯანული კორპუსიც მოიაზრებოდა, იმდროინდელი
ტერმინოლოგიით – ,,მუსულმანური კორპუსი“, შესაბამისი საორგანიზაციო საბრძოლო სტრუქტურითა და შესაბამისი შტატით, მაგრამ რეალურად იგი კავკასიის არმიის შემადგენლობაში არ იყო ჩართული. მის ბირთვს ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, 1914 წელს ფორმირებული ე.წ. ,,ველური დივიზია“ წარმოადგენდა.

