პოლონეთის არქივის „Archiwum Akt Nowych“ ერთი დოკუმენტი (1 ივლისი 1922 წელი) კავკასიაში ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადების შესახებ

ავტორები

  • მიხეილ ბახტაძე
  • პაველ ლიბერა

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, კავკასია, პოლონეთი, ანტისაბჭოთა აჯანყება, საბჭოთა ხელისუფლება, ბობიცკი, ჯუღელი, ზაქარიაძე

რეზიუმე

1921 წლის მარტში საქართველოს ოკუპაციით საბჭოთა რუსეთმა დაასრულა კავკასიის დაპყრობა, თუმცა კავკასიელი ხალხები ასე ადვილად არ შეეგუენ თავისუფლების დაკარგვას და კავკასიაში ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო. ყველაზე მეტად ამ მხრივ ქართველები აქტიურობდნენ. როგორც ემიგრაციაში მყოფი, ასევე საქართველოში დარჩენილი და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლი პოლიტიკოსები თუ სამხედროები ხვდებოდნენ, რომ საგარეო დახმარების გარეშე ბოლშევიკების კავკასიიდან განდევნა რთული იქნებოდა. ევროპის სახელმწიფოებს შორის კავკასიის დამოუკიდებლობის აღდგენით ყველაზე მეტად პოლონეთი იყო დაინტერესებული. ბუნებრივია პოლონეთი თავისი კონკრეტული მიზნებიდან გამოდიოდა, რაც საბჭოთა რუსეთის, როგორც პოლონეთისთვის ყველაზე საშიში მეზობლის, წინააღმდეგ ყველა ძლის გაერთიანებას ცდილობდა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ აქტიური კავშირი არსებობდა ქართველებსა და პოლონელებს შორის. ამ კავშირის ამსახველი დოკუმენტები მრავლადაა პოლონეთის არქივებში. ამჯერად გვინდა განვიხილოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც კავკასიაში არსებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას ეხება და თარიღდება 1922 წლის 1 ივლისით. დოკუმენტი ინახება
პოლონეთის ახალი ისტორიის არქივში, Archiwum Akt Nowych, კონსტანტინოპოლში მოღვაწე პოლონეთის სახელმწიფოს სამხედრო ატაშეს პოლკოვნიკ ლეონ ბობიცკის ფონდში. პოლკოვნიკი ბობიცკი სამხრეთ კავკასიის შესახებ არსებულ ინფორმაციებს
პოლონეთის გენერალურ შტაბში აგზავნიდა. დოკუმენტი პირველად პოლონურ ენაზე გამოქვეყნა დოქტორმა პაველ ლიბერამ. დოკუმენტი საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილ ექვს გვერდს მოიცავს და დაწერილია პოლონურ ენაზე. დოკუმენტი წარმოადგენს კონსტანტინოპოლში მყოფი პოლონეთის სამხედრო ატაშეს მოხსენებით ბარათს, გაგზავნილს ვარშავაში პოლონეთის არმიის გენერალურ შტაბში. პოლკოვნიკ ბობიცკის მოხსენება პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად: სამხედრო და პოლიტიკური. პოლონეთის სამხედრო ატაშე დოკუმენტის დასაწყისში მიმოიხილავს კავკასიის ოთხი რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობებს აჯანყების შემთხვევაში. მიმოიხილავს საკმაოდ დაწვრილებით (ვის რამდენი მებრძოლის გამოყვანა შეუძლია, რა შეიარაღება აქვთ და ა.შ.). საბოლოოდ ბობიცკი ასკვნის, რომ კავკასიის 10 მილიონიან მოსახლეობას შეუძლია გამოიყვანოს 285 ათასი მებრძოლი და მათ პირველ რიგში დაჭირდებათ დახმარება შეიარაღების მიწოდების მხრივ. სამხედრო ვითარების ანალიზისას პოლკოვნიკი ბობიცკი აშკარად ეყრდნობა ქართველების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კერძოდ, წერილში გამოყენებული ინფორმაციის ნაწილი დასტურდება ვალიკო ჯუღელის მოხსენებაში და ნაწილი კი - გენერალ ზაქარიაძის. ორივე მათგანმა მოხსენება მომავალი აჯანყების შესახებ წაიკითხა კონსტანტინოპოლში, შესაბამისად 1922 წლის ივნისში და სექტემბერში. პოლკოვნიკ ბობიცკის მოხსენების პოლიტიკურ ნაწილში კი ვგულისხმობთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და ანტიბოლშევიკური განწყობების ანალიზს. რეგიონში არსებული ვითარების პოლიტიკური ანალიზი კი ჩვენი აზრით თავად პოლკოვნიკის დაწერილი უნდა იყოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვისას ლეონ ბობიცკი საგანგებოდ აღნიშნავს ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ განწყობებს საქართველოში, აზერბაიჯანში და ჩრდილოეთ კავკასიაში.
ხაზგასმულია, რომ სხვა ვითარებაა სომხეთში. თურქეთისადმი შიშის გამო იქ განსხვავებული ვითარება არსებობდა და რუსოფილური განწყობებიც საკმაოდ ძლიერი იყო. 1922-1924 წლებში დაწერილ ბევრ წერილში, რომელიც ეხება საერთოკავკასიური ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობას, საუბარია თურქეთის პოზიციის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე. ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტშიც პოლკოვნიკი ბობიცკი აღნიშნავს, რომ „ერთიანი ფრონტის შექმნის შესაძლებლობა დამოკიდებულია ასევე თურქეთთან შეთანხმებაზე, რაც სამხედრო აღჭურვილობის საკითხთან ერთად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თურქეთის ნეიტრალიტეტი განსაზღვრავს წარმატების ნახევარს, ხოლო დანარჩენს გააკეთებენ კავკასიის ხალხები, თუნდაც იმ სახელმწიფოების არაპირდაპირი დახმარებით, რომლებსაც არ სურთ დიდი და განუყოფელი რუსეთის აღდგენა“. თურქეთის მინიმუმ ნეიტრალიტეტი უზრუნველყოფდა აჯანყებულთათვის მტკიცე ზურგს.
ამავე დროს ეს გააქარწყლებდა სომხეთში არსებულ შიშს თურქეთის მხრიდან შესაძლო აგრესიაზე და ხელს შეუწყობდა ანტირუსული განწყობის ზრდას. დოკუმენტის ბოლოში პოლონეთის სამხედრო ატაშე აღნიშნავს, რომ სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები მოითხოვენ პოლონეთის ხელისუფლებისგან კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას და ამატებს, „ამ საკითხებს დაუყოვნებლივი მოქმედება სჭირდება, რადგან როდესაც შესაძლებელი გახდება კავკასიაში დიდი ძალებისთვის მუშაობა, პოლონეთი არ აღმოჩნდეს იზოლირებული“.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია