განათლებისა და კულტურის ზოგიერთი საკითხი დემოკრატიულ საქართველოში (1918-1921 წლები)
საკვანძო სიტყვები:
პოზიცია, ჰუმანიტარული, დამოუკიდებლობა, თანამოაზრეობა, უნივერსიტეტი, პოლიტექნიკუმირეზიუმე
წინამდებარე ნარკვევი ასაბუთებს, რომ რეალურად 1918-1921 წლები ნაყოფიერი იყო სულიერი, შემოქმედებითი თვალსაზრისით. სწორედ, დროის ამ მონაკვეთში, მრავალი სირთულის (პოლიტიკური, ეკონომიკური) მიუხედავად, მეცნიერებაში, ლიტერატურასა და თითქმის ხელოვნების ყველა დარგში ბევრი მნიშვნელოვანი რამ შეიქმნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში გაკეთდა წინა წლების შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენდა; გრძელდებოდა აქტიური შემოქმედებითი ღვწა. ამით კი ფაქტობრივად მზადდებოდა დამოუკიდებლობა სულიერი ცხოვრების სფეროში.
სტატიაში წარმოდგენილია XX საუკუნის პირველი ოცწლეულის საქართველოს ჰუმანიტარული ვითარება (მეცნიერება, კულტურა, განათლება), ხაზი გაესვა ცალკეული დარგების დონეს. წინსვლა განიცადეს ჰუმანიტარულმა დისციპლინებმა (ისტორია, არქეოლოგია, სიძველეების შესწავლა-შეგროვება). დაარსდა საეკლესიო მუზეუმი. მუშაობას აგრძელებენ სხვადასხვა
საზოგადოებები, მათ შორის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც სერიოზულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა (საზოგადოებამ იარსება საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე (1921 წ.). მნიშვნელოვან საქმიანობას აგრძელებდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც მრავალმხრივი პროგრამა ჰქონდა და განსაკუთრებული როლი ითამაშა თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნებაში.
ამ პერიოდის ქართველი შემოქმედებითი ინტელიგენციის მრავალმხრივმა შემოქმდებითმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა საქართველოს შემდგომ კულტურულ დაწინაურებას, ხალხის სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.