საქართველოს 1978 წლის კონსტიტუციის პროექტის განხილვა საქართველოს მწერალთა კავშირში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს მწერალთა კავშირი, საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, ედუარდ შევარდნაძე, გრიგოლ აბაშიძე,, აკაკი ბაქრაძე

რეზიუმე

1977 წელს ძალაში შევიდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ახალი კონსტიტუცია, რომელსაც „განვითარებული სოციალიზმის ნამდვილი მანიფესტი“ ეწოდა. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღება თავისთავად აყენებდა დღის წესრიგში საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებასა და მის სსრკ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.
1977 წლის 1 ივლისს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც შეიქმნა საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებლად კომისია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით.
1978 წლის 24 მარტს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც, წინა კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართულ ენას წართმეული ჰქონდა სახელმწიფო ენის სტატუსი (მუხლი 75). დაიწყო კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. კონსტიტუციის პროექტი განიხილეს საქართველოს ყველა დაწესებულებაში, მათ შორის საქართველოს მწერალთა კავშირში. ჩვენ მივაკვლიეთ სტენოგრამას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საქართველოს მწერალთა კავშირში განხილვის პროცესს სრულად ასახავს.
1978 წლის 11 აპრილს საქართველოს მწერალთა კავშირში საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განსახილველად ღია კრება გაიმართა. აკაკი ბაქრაძის განმარტებით კრების შესახებ მწერალთა კავშირის მხოლოდ იმ წევრებს შეატყობინეს, რომელთა დაყოლიება შედარებით უფრო ადვილი იქნებოდა. მორის ფოცხიშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი ხმას ავრცელებდნენ, რომ დანიშნული კრება პარტიულ ხასიათს ატარებდა. ამ მეთოდმა ნაწილობრივ გაამართლა. თავიდან კრებას ორმოცამდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა ნელ-ნელა დარბაზი გაივსო, მათ შორის მწერალთა კავშირის არაწევრი პირებიც იყვნენ, ბევრი იყო ახალგაზრდობა.
კრებაზე ძირითადი დისკუსია პროექტის 75-ე მუხლთან დაკავშირებით წარიმართა. მწერლების ნაწილი უკომპრომისო იყო და მოითხოვდა პროექტში ტერმინის „სახელმწიფო ენის“ დაფიქსირებას, ნაწილი კი შუალედურ პოზიციას ემხრობოდა და შესაძლებლად მიიჩნევდა პროექტში „რესპუბლიკის ენის“ სტატუსის ჩაწერას, რაც მათი აზრით საზოგადოებას საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას თავიდან ააცილებდა.
აკაკი ბაქრაძემ წამოაყენა წინადადება საკითხი კენჭისყრით გადაეწყვიტათ, რასაც არ დაეთანხმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძე. საბოლოოდ კრება ისე დამთავრდა, რომ არც რეზოლუცია მიუღიათ და არც კენჭი უყრიათ რაიმე წინადადებისათვის. სტენოგრამის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ ქართველმა მწერლებმა, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრების დიდი მცდელობის მიუხედავად, არ მიიღეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის 75-ე მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია